ზუგდიდის რეზოლუციები

                               

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დადგენილება №10

             

ქალაქი ზუგდიდი, 2012 წელი

 

 

1.            დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საქართველოსთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს შავი ზღვისპირა სანაპირო ზოლის ათვისება და ამ რეგიონში მუდმივი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, თუმცა ეს პროცესი რიგ პრობლემებს აწყდება, ვინაიდან აქტივობა სეზონურ ხასიათს ატარებს და ძირითადად ზაფხულის პერიოდზე მოდის.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში:

კომიტეტის წევრები: ირაკლი პაჭკორია, გოგა დგებუაძე, ბაგრატ ფარცვანია, ხატია ქურსუა, ელიზბარ ხვიჩია, ეთიკო თოდუა, გიორგი საჯაია, ვერიკო რაფავა, მარიამ ქობალია, არჩილ ჯაბუა, მაკა ქაჯაია, მზია უბილავა, ელენე მაქაცარია, ანა ექონია, თათია მარღანია, ანა ფიფია, ელენე მიქავა, საბა ქირია.

კომიტეტის თავჯდომარე: ალექსი იასაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეკონომიკური აქტივობა საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ძირითადად სეზონური ხასიათისაა, რადგან ტურისტული სეზონი მხოლოდ წლის ნახევარს მოიცავს, დანარჩენ პერიოდში კი  აქტივობა ფაქტიურად არ შეინიშნება;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მიუხედავად არსებული რესურსებისა, ხდება ბევრი ისეთი პროდუქციის იმპორტირება, რომელიც შეიძლება თვითონ ამ რეგიონშივე იწარმოოს;

აცნობიერებს, რომ თითქმის არ არსებობს წარმოება, რაც რეგიონის ეკონომიკას დააფუძნებდა უფრო მყარ ბაზისზე და უზრუნველყოფდა უმუშევეობის მნიშვნელოვანწილად შემცირებას;

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არ არსებობს რეგიონში საკმარისი კვალიფიციური მუშახელი, რაც მნიშვნელოვანწილად აფერხებს რეგიონში წარმოების განვითარებას;

ხაზს უსვამს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში საზღვაო გზით პროდუქციის ექსპორტირების არასაკმარისად მაღალ დონეს;

აღნიშნავს, რომ არსებობს საფრთხე ეკონომიკის ცალმხრივად, მხოლოდ ტურისტული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ვინაიდან შესაძლო ჩავარდნამ ამ სფეროში, შეიძლება გამოიწვიოს მთელი რეგიონის ეკონომიკური აქტივობის პარალიზება;

მხედველობაში იღებს, რომ არის გადამამუშავებელი ფაბრიკა–ქარხნების ძალიან მცირე რაოდენობა, შედეგად ხდება პროდუქციის მზა სახით ექპორტირება და ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან შემოსავალს;

 

 

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიესალმება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ეკონომიკის სწაფი და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
  2. რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელის შეუწყოს სანაპირო რეგიონში საწარმოების განვითარებას, რომელიც გამოიწვევს რეგიონის ეკონომიკური აქტივობის მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებას;
  3. აქვს მოლოდინი, რომ მოხდება არსებული რესურსების სრულად გამოყენება და მძიმე წარმოების ხელშეწყობა, ისევე როგორც გადამამუშავებელი ფაბრიკების დაარსების, სადაც შესაძლებელი იქნება კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, რომელთა რეალიზაცია მოხდება ძირითადად საზღვაო გზით;
  4. ღრმად სწამს, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ რეგიონში გემთმშენებლობის განვითარება და ამ მიზნით სანაპირო ზოლის რამდენიმე ქალაქის გაერთიანება ერთ საწამოო ქსელში, რომლის ფარგლებიც თითოეულ ქალაქს ექნება თავისი კონკრეტული სპეციალიზაცია და ამ გზით მოხდება როგორც შრომის ეფექტურად დანაწილება, ისე მთლიანად რეგიონის გააქტიურება;
  5. ითვალისწინებს, რომ ამ გეგმის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანა, შესაბამისად ხელსაყრელია სანაპირო მდებარეობა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ეს ნედლეული საზღვაო გზით იქნეს შემოტანილი და ამით მნიშვნელოვნად შემცირდება სატრანსპორტო დანახარჯები;
  6. აცნობიერებს, რომ ბიუჯეტის ფინანსური რესურსებით შეუძლებელია ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება, შედეგად ეს უნდა მოხდეს კერძო სექტორიდან უცხოური ინვესტიციებით, თუმცა კი ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს, რომ დასაქმებულების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს;
  7. ასკვნის, რომ კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობის პირობებში აუცილებელია უცხოელი ტრენერების მოწვევა, რომლებიც დაეხმარებიან მათ შეიძინონ აუცილებელი თეორიული თუ პრაქტიკული უნარები;
  8. იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება არსებული პრობლემების გადაჭრა და გაიზრდება როგორც ადგილობირივი მოსახლეობის შემოსავალი, ისე მათი კვალიფიკაცია და კონკურენტუნარიანობა სამუშაო ბაზარზე;

 

2.            სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

საქართველოში სოციალური ნდობის ფაქტორი  სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის, სასამართლო სისტემის მიმართ არც თუ ისე შესაშურია. განსაკუთრებით უნდობლობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდებში. აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდგომ საპატრულო პოლიციისადმი ნდობა 80 %-ს აღწევდა, თუმცა ბოლო წლებში ამ პროცენტულმა მაჩვენებელმა 30 %-ამდე დაიწია. ეს პრობლემა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. სოციალური უნდობლობის ყველაზე მძიმე შედეგი გაუხსნელი დანაშაულების კიდევ უფრო მატება და სოციალური დეზორგანიზაციაა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში:

 

კომიტეტის წევრები: ელენე მეჟეტუხა, ლიკა ჭკადუა, მონიკა ლეთანძე, თინათინ მარშანია, ირაკლი ბაძაღუა, თამთა არქანია, მათე გულორდავა, გიორგი ზაქარაია, ლიკა ოთხვანი, ანა ხასია, სალომე ხაბურზანია, ანა საღლიანი, გიორგი ჭკადუა, გიორგი ერემაძე, მარიკა კოკაია, სალომე სიმონია, ფიქრია ფიფია, ბაკური ხუბულავა, ნიკა ერემაძე, ანა შენგელია, მათე ჭურღულია, მიშა სართანია.

კომიტეტის თავმჯდომარე: თემურ შენგელაია

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოების უნდობლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო სამართალცავი ორგანოების მიმართ;

გამოთქვამს უკმაყოფილებას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარბების სიხშირის გამო, საზოგადოებისა და განსაკუთრებით  ახალგაზრდობის ნაწილის მიმართ;

გამოთქვამს წუხილს, ქურდული მენტალიტეტის გავლენასთან დაკავშირებით მოზარდების ცნობიერებაზე;

გამოხატავს სინანულს, სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის არქონასთან დაკავშირებით;

სრულიად შეშფოთებულია სამართალდამცავთა მხრიდან ეთიკური ნორმების უხეში დარღვევების გამო, რაც იწვევს მათდამი უარყოფით დამოკიდებულებას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განაწესოს ქუჩებში ქვეითად მოსიარულე პოლიციელები, რომლებიც  უზრუნველყოფენ წესრიგს, ამასთან ერთად საზოგადოებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით აიმაღლებენ სოციალური ნდობის ფსიქოლოგიურ ფაქტორს;
  2. მოითხოვს გამკაცრდეს კონტროლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებზე და მაქსიმალურად მოხდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ორგანოთა პოპულარიზაცია, რომლებსაც ევალებათ რეაგირება ამ სახის დარღვევებზე;
  3. რეკომენდაციას უწევს სასწავლო დაწესებულებებს, ჩატარებულ იქნას პერმანენტული ხასიათის აქციები, რისი მეშვეობით პოლიციელები სკოლებში გამართავენ პრეზენტაციებს  სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ მოზარდებთან ემოციურ–ფსიქოლოგიური კავშირის დამყარებას;
  4. მოუწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი  ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის განვითარებას საქართველოს მოსახლეობაში, რაც გულისხმობს რომ შემთხვევის შემდგომ ჯანმრთელობის დაზიანებისას მოქალაქე ზარალის ანაზღაურების მისაღებად ვალდებულია, სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოს ამონაწერი პოლიციის ორგანოდან ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის შესახებ, სადაზღვევო კომპანია აგრეთვე დაინტერესებულ იქნება გაცემული ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით მოიძებნოს დამნაშავე;
  5. მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაზარდოს პოლიციელთათვის ტრეინინგების რაოდენობა და ინტენსივობა მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით.

3.            გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

ბუნებრივი რესურსების საგრძნობი შემცირება საქართველოში მტკივნეული საკითხია,  ვინაიდან მათი დახარჯვა ბევრად უფრო ინტენსიურად და მასობრივად ხდება, ვიდრე მათი კვლავწარმოება.  ერთი ხის მოჭრას რამდენიმე წუთი სჭირდება,  მის გაზრდას კი წლები. ამასთან, საქართველო საგრძნობლად ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში. მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული ბიოენერგიის წარმოების გზების შესახებ.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში:   

კომიტეტის წევრები: ლიკა ფიფია, მონიკა ბიგვავა, სალომე წყაროზია, ლიკა კუტალია, ნათია თორდია, თათია არდია, ელენე მიქავა, მარიამ პაჭკორია, მარიამ პაჭკორია, მარიამ ხუბულავა, რამაზ ქანთარია, გიოტგი მებონია, ფატიმა შოხაძე, ირაკლი ჩხაბელია, მარიამ გეგელია, სალომე ესართია, დემეტრე ნოდია, მიმოზა ხასია, გვანცა ბერიშვილი, ელისაბედ აბრალავა, ცოტნე ხვიჩია, გიზო გელენავა, მარი ვაჩიბერაძე, სალომე სოქთოღლი 

კომიტეტის თავმჯდომარე: თამარ ჭალიძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აანალიზებს რა, რომ  დღესდღეობით საქართველოს სოფლებში არ არსებობს შეშის გარდა რეალურად ხელმისაწვდომი გათბობის სხვა ალტერნატიული საშუალება. ეს პრობლემა უფრო მწვავდება ზამთრის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლების გარკვეული რაოდენობის ელექტრომომარაგება ხდება, ეს მაინც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ან/და არ არის უწყვეტი საშუალება, ვინაიდან ხშირად ხდება ტექნიკური გაუმართაობების გამო შეფერხებები. ასევე სოფლებში არსებული საერთო მრიცხველების გამო პრობლემები იქმნება გადასახადის გადახდის დროსაც. რაც შეეხება  ბუნებრივ  აირს, ის  სოფლების უმრავლესობას არ მიეწოდება და თანაც საკმაოდ ძვირია;

შეშფოთებას გამოვთქვამს, იმის გამო, რომ მასობრივად ხდება ხე-ტყის მასივის განადგურება;

წუხს, რომ საქართველოს სოფლებში მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას ენერგიის ალტერნატიული საშუალებების შესახებ;

უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის სტრუქტურებში არ არსებიობს ისეთი ორგანო, რომელიც ეფექტურად იქნება  ორიენტირებული გარემოს დაცვის კონკრეტული გზის, კერძოდ ბიოგაზის პოპულარიზაციაზე;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.            მიიჩნევს, რომ მასობრივად უნდა მოხდეს ბიოგაზის წარმოების ტექნოლოგიის დანერგვა საქრთველოს სოფლებში, რომელიც:

  • ხელს შეუწყობს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სოფლად და ხარჯების დაზოგვას;
  • შექმნილი კომფორტი შეამცირებს სოფლებიდან მიგრაციას და ხელს შეუწყობს მესაქონლეობის განვითარებას;
  • დაიცავს და შეინარჩუნებს ჩვენს უნიკალურ ფლორასა და ფაუნას და  შეამცირებს ნიადაგის ეროზიას, მეწყერს და ღვარცოფს;
  • შეამცირებს უმუშევრობის დონესა და მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი წარმატებით გაუწევს კონკურენციას იმპორტირებული საქონლით გაჯერებულ ბაზარს.

2.      მტკიცედ სჯერა, რომ ხე-ტყის მასივის განადგურებას შეაჩერებს ბიოგაზის გამოყენებას და ამტკიცებს, რომ სოფლის მოსახლეობა უნდა გადავიდეს ბიოგაზის გამოყენებაზე;

3.       მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთავრობის მიერ სოფლის მოსახლეობის ინფორმირება ბიოგაზის მნიშვნელობასა და მისი გამოყებების ეფექტურობის შესახებ;

4.      რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბიოგაზის წარმოების პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით (ამ ორგანოში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ჩავლენ სოფლებში, რეგიონულ ცენტრებში, შეხვდებიან უშუალოდ მოსახლეობას და ჩაუტარებენ ტრენინგებს ბიოგაზის წარმოებისა და გამოყენების შესახებ. პროფესიონალების დახმარებით სოფლის მოსახლეობა საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდენს ზუსტ ხარჯთაღრიცხვას აღნიშნული ტენოლოგიის დანერგვისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მათ უნდა მიეცეთ იაფი კრედიტით სარგებლობის შესაძლებლობა.  ვინაიდან ბიოგაზის დანადგარის დამონტაჟება კუსტარულად საშიშია სიცოცხლისათვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ორგანომ უზრუნველყოს მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ამ ტექნოლოგიის დანერგვის სპეციალიზაციით, რათა სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს პროფესიონალ ხელოსანთა მომსახურება);

4. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

საქართველოში მცხოვრები სტუდენტების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შრომის ბაზარზე შექმნილია დეფიციტი ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოებისა, რომელიც მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას შეუთავსოს სამუშაო სწავლას, ხოლო სტუდენტების დაქირავების შემთხვევაში ხდება მათი ინტერესების უგულებელყოფა და დახარჯული ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსების არასათანადო ანაზღაურება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების  მიერ ქალაქ ზუგდიდიში:

კომეტეტის წევრები: გიორგი როგავა,ხვიჩია ლაშა, ბექა კემულარია, თეონა ბუბუტეიშვილი, სალომე ალფენიძე, ვინარი კვარაცხელია, მელანო მიქავა, თამარ თოდუა, ცირა ფიფია, ნატო ხარებავა,თემური კაცია, ირაკლი ქვარაია,გიორგი ბაკარანძე, მონიკა ბიგვავა,მარიამ მოსია, თამარ ხარჩილავა, მარიამ თირქია, მარიამ ჯანაშია, თეო ქარდავა, გიორგი როგავა, ადამ ფიფია, ლიკა კუტალია, დიმა ჯიჭონაია, ლევანი ებრალიძე, საბა ხაზალია, ნაზი გოგილავა, ნინიკო როგავა.

კომიტეტის თავმჯდომარე: მარიამ მეტრეველი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, რომ სტუდენტებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათივე სოციალური უფლებების შესახებ;

ხაზს უსვამს, რომ სტუდენტების მიერ გადასახადი სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია;

გამოთქვამს უკმაყოფილებას შრომის ბაზარზე ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოების დეფიციტთან დაკავშირებით;

მხედველობაში იღებს, რომ ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოების დეფიციტის გამო სტუდენტი ვერ ახერხებს ისეთი სამსახურის მოძიებას, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სამუშაო შეუთავსოს სწავლას;

ხაზს უსვამს, რომ უმეტესად შრომის ბაზარზე არ ხდება დასაქმებული სტუდენტების მიერ გაწეული ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის სათანადო ანაზღაურება;

მწუხარებას გამოთქვამს,რომ შრომის კოდექსში არ არის გათვალიწინებული სტუდენტების შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები;

ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოითხოვს სტუდენტებთან გაუქმდეს  შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმით  დადების შესაძლებლობა და შრომის კოდექსში იმპერატიულად განისაზღვროსმისი  წერილობითი ფორმა;
  2. მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით ჩაატაროს ტრეინინგები სოციალური უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების მიზნით;
  3. მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამსაქმებელ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობის მინიმუმ 5% შეადგენდეს სტუდენტებს;
  4. ამტკიცებს რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური ვებ–გვერდი სტუდენტების დასაქმების მიზნით,სადაც მოხდება მათი რეგისტრაცია და ინტერესების შესაბამისი სამუშაოს მოძიებისთვის ხელშეწყობა;
  5. მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას  სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით და იმედოვნებს რომ მას ექნება უფრო ინტენსიური ხასიათი მომავალში;
  1. მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია უცცხოეთის პრაქტიკა რათა საქართველოში შემოღებულ იქნას საათობრივი სამუშაოები სტუდენტებისათვის და დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება 3 ლარის ოდენობით;
  2. დამატებით აცხადებს რომ აუცილებელია შრომით კოდექსში განისაზღვროს კვირაში სტუდენტების სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი 20 საათის ოდენობით;
  1. 5.            საგარეო საქმეთა კომიტეტი

გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არის დაძაბული პოლიტიკური ვითარება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ვიმუშაოთ ამ რეგიონში ახალგაზრდული გაერთიანების შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნებში არსებული შიდა პრობლემების მოგვარებასა და სტაბილიზებაზე დიპლომატიური, ცივილიზებული მეთოდებით. მოკავშირე ქვეყნებს შორის დამყარდება ახლო პოლიტიკური, სოციალური, სპორტული და კულტურული ურთიერთობები.

აღნიშნული დადგენილება მიღებული იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში:

კომიტეტის წევრები: ზაქრო ჩხეტიანი, ანა კალანდია, ნათია პერტია, თამარ ღაჭავა, ნიკა ყორშია, მირანდა ბეჭვაია, გიორგი პირველი, იმედი თოდუა, ანა ქობალია, ანა გაბისონია, ცოტნე შამათავა, რამაზ ჯღამაია, ოქსანა სორდია, ანიკა წყაროზია, ნიკოლოზ თორდია, მარიამ შეროზია, თამუნა კოდუა, თიკო ლაგვილავა, ირაკლი გულუა, თამუნა იზორია

კომიტეტის ხელმძღვანელი: გიორგი აზარიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის არქონასთან დაკავშირებით;

გამოხატავს უკმაყოფილებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები იღებენ არასწორ  ისტორიულ განათლებას;

გამოხატავს სინანულს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს;

აცნობიერებს, რომ აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ხალხების სულიერი მამების აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის ცნობიერების ჩამოყალიბებაში;

მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხი არ იცნობს ერთმანეთის კულტურას, ღირშესანიშნაობებსა და ისტორიულ ძეგლებს;

შეშფოთებას გამოთქვამს, რომ აფხაზ, ოს და ქართველ ახალგაზრდებს შორის გაწყვეტილია კავშირი, გამომდინარე აქედან ისინი არ იცნობენ და  დღითი-დღე შორდებიან ერთმანეთს;

გამოხატავს სინანულს, რომ ოსი და აფხაზი მოზარდები არ იცნობენ ქართველი ახალგაზრდების ცხოვრების წესს, მათ შემოქმედებას, მიღწევებსა და წამრატებებს.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდებს სამხრეთ კავკასიური გაერთიანების შექმნის შესახებ;
  2. გამოთქვამს სურვილს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარებებით შეიქმნება მეცნიერული ჯგუფები სომეხი და აზერბაიჯანელი ისტორიკოსების მონაწილეობით, რომლებიც ერთობლივად დაწერენ რეალურ და ობიექტურ ისტორიას;
  3. საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირისა და გაეროს სადამკვირვებლო წარმომადგენლების მისიას მთიანი ყარაბაღის რეგიონში;
  4. დარწმუნებულია, რომ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო წინამძღვრების ხშირი შეხვედრები ხელს შეუწყობს  მათი ურთიერთობების მოგვარებას;
  5. მხარს უჭერს, რომ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდებს შორის გაიმართოს სპორტული ჩემპიონატები, ინტელექტუალური თამაშები, კულტურული საღამოები, კონფერენციები და გასართობი ღონისძიებები;
  6. აქვს მოლოდინი რომ მოხდება ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების ინტენსიური შეხვედრები და გაღრმავდება თანამშრომლობა;
  7. მიესალმება ინტეგრაციას ქართველ, ოს და აფხაზ ახალგაზრდებს შორის, რომელიც ითვალიწინებს ამ რეგიონებიდან ახალგაზრდების გადმოყვანას, მათ ჩართვას კულტურულ, ტურისტულ და გასართობ ღონისძიებებში;

6.            განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

საქართველოში განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამასთანავე საკმაოდ აქტუალურია მაღალი კლასის (მესამე საფეხურის) მოსწავლეების თემა, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ რა პროფესიას დაეუფლებიან მომავალში. თანამედროვე პერიოდში არსებულ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, აშკარად შევამჩნევთ იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში პრიორიტეტულია ისეთ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება როგორიცაა ეკონომიკა და ბიზნესი, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. თუმცა ყურადღების მიღმა რჩება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიები, რომელთა აპოპულარულობაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ინფორმაცისს ნაკლებობით. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში – ძირითადად უნივერსიტეტები ღია კარის დღეებს მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში ატარებენ, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს არ აქვს საშუალება მიიღოს სრული ინფორმაცია არჩეული პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამასთან, მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებენ პროფესიას არა პერსპექტიულობის, არამედ პრესტიჟულობის მიხედვით.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში:

კომიტეტის წევრები: ნინო გარდავა, კარინა გვილია, მერი ახალაია, გვანცა შელია, მარიამ სიჭინავა, ნიკა შენგელია, ნიკა ჭაჭუა, ანა კვაშილავა, გურანდა ღურწკაია, მარიამ შენგელია, ნოდარ ფარცვანია, გიორგი გვარამია, ბექა მიქავა, ილიკო გოგილავა, ნინიკო მოსია, გვანცა თოდუა, ლაშა ხასაია, გურანდუხტ ბეჭვაია, ლელა დანელია.

კომიტეტის თავმჯდომარე: ნათია ღვინჯილია.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს  უკმაყოფილებას  მოსწავლეების ნაკლები ინფორმირებულობის გამო, სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებსა და პროფესიებთან დაკავშირებით;

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესიები ყურადღების მიღმა რჩება და ამასთან, პროფესიების არჩევა ხშირ შემთხვევაში ხდება მათი პრესტიჟულობის მიხედვით;

მიესალმება იმ ფაქტს, რომ ხდება მასწავლებლების გადამზადება, მაგრამ აცნობიერებს იმასაც რომ აღნიშნული პროცესი არც ისე მაღალ დონეზე მიმდინარეობს;

იმედს გამოთქვამს, რომ სასწავლო მასალების სისტემაში მოყვანა და დახვეწა, ხელს შეუწყობს აბიტურიენტების ინტერესების გაღრმავებას არაპოპულარულ პროფესიებზე;

გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და მათი საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველოფა, ამასთან აცნობიერებს, რომ აღნიშნული პროცესი თითქმის არ მიმდინარეობს მოქმედი სკოლების უმრავლესობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს მთავრობას, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება უმაღლესი სასწავლებლების, ექსპერტების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და სტუდენტებისაგან, რომლებიც განსაზღვრავენ სხვადასხვა პროფესიების მოთხოვნილებებს და იმუშავენებენ ამ მიმართულებით;
  2. მხარს უჭერს, რომ საქართველოს ყველა სკოლაში შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ითანამშრომლებს ზემოაღნიშნულ კომისიასთან და დაინტერესებულ პირებს  გააცნობს დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო პროფესიების პერსპექტივების შესახებ;
  3. რეკომენდაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ შეიქმნას საინფორმაციო ბლოგი, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა სახის ინფორმაცია დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნულ საკითხთან დაავშირებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში განხორციელდება იდეების გაცვვლა და დამატებითი ინფორმაციის მიღება;
  4. იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება სკოლების საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა მაღალ დონეზე;
  5. გამოთქვამს სურვილს, რომ გაიზარდოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული პროექტების სიხშირე და ხარისხი;

 

 

7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 

საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროს შემუშავებული აქვს საგანგებო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მზრუნველობა მოკლებული, ობოლი ბავშვები, ან ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ღებულობენ სხვადასხვა დახმარებებს. Pრობლემა თავს იჩენს მას შემდეგ, რაც ბავშვებს 18 წელი შეუსრულდებათ, რადგან სახელმწიფო ყველანაირ ვალდებულებას იხსნის სრულწლოვან მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის მზრუნველობა მოკლებულია. რა უნდა ქნან ამ ბავშვებმა სრულწლოვან ასაკს მიღწევის შემდეგ იმდენად, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ პროფესიუალი კვალიფიკაცია? სად დასაქმდებიან ეს ბავშვები,  როგორ მოხდება მათი ადაპტირება საზოგადოებასთან და მათ მიერ არჩევანის ჯანსაღი ცხოვრების სასარგებლოდ გაკეთება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდში

კომიტეტის წევრები: ლერი კაკაშვილი, მიხეილ ჩხეტია, ლანა სართანია, ცირა ჭილაია, ნათია გვაჯაია, ქრისტინა ზარანდია, ლანა თოდუა, ნინო მარკოზია, ნატალი კიკალეიშვილი, მერი ხუბუა, ნინო კვეკვესკირი, კესო სორდია, სანდრო ჭითანავა, სოფიო პაპასქირი, მაგდა აკობია, სალომე ჩიქოვანი, თამთა ჩაჩალაშვილი, ელისაბედ თოდუა.

კომიტეტის ხელმძღვანელი: თეონა ხუბუტია

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აცხადებს, რომ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს არ აქვთ საშუალება მიიღონ საბაზისო,საშუალო და პროფესიული განათლება.

ითვალისწინებს, რომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები პროფესიული უნარების არქონის გამო აწყდებიან დასაქმების პრობლემებს.

მხედველობაში იღებს, რომ უმუშევრობისა და უსახლკარობის გამო ამ სეგმენტში დანაშაულის ჩადენის რიცხვი მატულობს.

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, რომლებზეც 18 წლის შემდეგ სახელმწიფო დახმარება არ ვრცელდება, თავშესაფრის გარეშე რჩებიან.

გამოვხატავს სინანულს, რომ იზოლირეული ცხოვრების გამო მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნა.

გამოხატავს წუხილს,რომ საზოგადოების მხრიდან ხდება მზრუნველობაკომლებული ბავშვების გარიყვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.      მოუწოდებს, რომ შეიქმნას საოჯახო ტიპის დაწესებულებები, რომლებშიც იცხოვრებენ 18 წელს გადაცილებული მოზრუნველობა მოკლებული ბავშვები.

2. მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პროფესიულ სასწავლებლებში მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სრული დაფინანსება.

3.     დამატებით აცხადებს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს კერძო კომპანიების ჩართულობა მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სწავლების დაფინანსებაში, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების დასაქმებას ამავე კომპანიებში.

4. დასაშვებად მიიჩნევს, მოზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების მიზნით საოჯახო ტიპის დაწესებულებებში თითო ფსიქოლოგის მიმაგრებას, რომელიც იმუშავებს ამ ბავშვებთან,როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.…

5.     რეკომენდაციას უწევს, რომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მომავლის უზრუნველყოფის მიზნით მათთვის გათვალისწინებული 450 ლარიან დახმარებიდან ყოველთვიურად შეენახოს 50 ლარი ანაბრის სახით (როელსაც ისინი გამოიყენებენ 18 წლის შემდეგ და საკუთარ განათლებას მოახმარენ).

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s