ლანჩხუთის რეზოლუციები

                                

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

               დადგენილება №9

                  15-16-17 ივნისი,  ქალაქი ლანჩხუთი

 1.   ჯამრთელობის  დაცვისა  და სოციალურ  საკითხთა  კომიტეტი

თანამედროვე  მსოფლიო  ცდილობს  უპასუხოს  იმ  გამოწვევებს,  რომელიც  21-ე  საუკუნის გადაუჭრელ  პრობლემას  წარმოადგენს. ყურადსაღებია  არასრულწლოვნების  საკითხი,  რომლებიც  მზრუნველობამოკლებულ  ბავშვებად  მოიაზრებიან. იქედან გამომდინარე, რომ ისინი არასრულფასოვან გარემოში იზრდებიან, ამ ბავშვების საზოგადოებაში  ინტეგრაცია  ფერხდება და მათი  მხრიდან  დანაშაულის  ჩადენის  ალბათობა  დღითიდღე  იზრდება. ეს ყველაფერი ქმნის მეტად სახიფათო  სურათს, არამარტო  ამ  ბავშვებისათვის, არამედ  მთლიანად  საზოგადოებისთვის.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში    

კომიტეტის წევრები: ანა  გურგენიძე, მარიამ მურვანიძე, მარიამ სივსივაძე, ნინო ლეჟავა, ნოდარ სარიშვილი, შოთა აფხაზავა, ეკა ფირცხალაიშვილი, ლია კუკულაძე, ეთერ აფხაზავა, ელგუჯა ჩავლეიშვილი, სოფო თოიძე, ნინო გოგიჩაიშვილი, გიული შავაძე, ნიკა ჩიქოვანი.

 კომიტეტის თავმჯდომარე: გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:
გამოხატავს უკმაყოფილებას მიუსაფარ ბავშვთა ზუსტი რიცხვის დაუდგენლობის გამო;

ხაზს უსვამს, რომ მიუსაფარი ბავშვები არ არიან უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამით;

გამოთქვამს წუხილს უპატრონო ბავშვთა თავშესაფრების მცირე რაოდენობის გამო;

ხაზს უსვამს მიუსაფარი ბავშვებისათვის განათლების ხელმიუწვდომლობას;

გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას მიუსაფარი ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობის  გამო;

აქვს არსებულ თავშესაფრებში უკეთესი პირობების შექმნის მოლოდინი;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს მთავრობას,  კერძოდ, შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა სამინისტროს,  მოხდეს  მიუსაფარ  და  უპატრონო   ბავშვთა  ზუსტი  რიცხვის  დადგენა, რომლის შემდეგაც  მოხდება  მათი  რეგისტრაცია  სოციალურად  დაუცველთა  ბაზაში.
  2. რეკომენდაციას  უწევს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის  სამინისტროს  უზრუნველყოს  მიუსაფარი ბავშვებისათვის სადაზღვევო პაკეტების გადაცემა;
  3. მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს დამატებით გახსნან თავშესაფრები მიუსაფარი ბავშვებისათვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი რაოდენობა;
  4. მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უპატრონო ბავშვებისათვის საშუალო და უმაღლესი ხელმისაწვდომი გახდეს;
  5. საჭიროდ  მიიჩნევს, უპატრონო  და  მიუსაფარი  ბავშვებისათვის  სარეაბილიტაციო  ცენტრების ამოქმედებას;
  6. მოუწოდებს სახელმწიფოს მთავრობას  გააუმჯობესოს  უკვე მოქმედ ბავშვთა თავშესაფრებში  არსებული პირობები;
  7. იმედს  გამოთქვამს,  რომ  ზემოთაღნიშნული  პრობლემების  აღმოფხვრა  ხელს შეუწყობს  მიუსაფარ  და  უპატრონო  ბავშვთა  ინტეგრირებას  საზოგადოებაში;

2.            ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და მისი სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია უცხოური(არამარტო) ინვესტიციების მოზიდვას და მათ ეფექტურ მართვას სოფლის მეურნეობის დარგში. სახელმწიფოს ხარჯები და ინვესტიციები სოფლის მეურნეობის დარგში მუდმივად უნდა იზრდებოდეს, რადგან ეს დარგი ქვეყნის გრძელვადიანი, საკვების უსაფრთხოების ფუნდამენტია. სახელმწიფო მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, რომ გლეხი რაც შეიძლება დამოუკიდებელი გახდეს. დღეს ქვეყნის სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი  სწორედ ამ დარგშია დასაქმებული და ამის მიუხედავად, ქვეყნის შიდა პროდუქტის 10%-საც ვერ აგროვებს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში:  

კომიტეტის წევრები: მარიამი ჩხაიძე, როლანდ აბაშიძე, ნინო მშვიდობაძე, თამარ კუკულაძე, მარიამ ურუშაძე, ნანა ტუღუში, თორნიკე ღლონტი, ნანული პატარაია, ქეთი წილოსანი.

 კომიტეტის თავმჯდომარე: გიორგი თელიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

შეშფოთებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის დარგში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლის გამო, რასაც განპირობებს:

  • დარგში არსებული მაღალი რისკები,
  •  ცალკეული რეგიონების მიხედვით რესურსების ერთიანი აღრიცხვის ბაზის არარსებობა,

შეშფოთებას გამოთქვამს ბაზარზე არსებულ  გენმოდიფიცირებული პროდუქტების ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებით;

აღნიშნავს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესისათვის სარწყავი არხების გაუმართაობა  ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერია;

წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად მაღალია;

დამატებით განაცხადებს, რომ აღნიშნულ დარგში მნიშვნელოვნად დაბალია ფერმერული მეურნეობების რაოდენობა;

წუხილს გამოთქვამს, რომ დღესდღეობით რეალურად გლეხს არ გააჩნია ინფორმაცია ბაზარზე არსებული სიტუაციისა  და ტენდენციებისს შესახებ;

მიიჩნევს, რომ რეგიონების  უმეტეს ნაწილში არსებული ტექნიკა მოძველებულია და დიდი ხანია აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე  სტანდარტებს და მოთხოვნებს;

მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით წარმოებული პროდუქცია დაბალი ხარისხისაა და ნაკლებ კონკურენტუნარიანია ფართო ბაზრებზე;

შეშფოთებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის არასწორი მართვისა და ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმის არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი უნდა დაწესდეს ბაზარზე არსებული გენმოდიფიცირებულ საქონელთან მიმართებაში და მოხდეს ადგილობრივი ნატურალური პროდუქციის ხვედრითი წილის გაზრდა შიდა ბაზარზე;
  2. ურჩევს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მოხდეს სარწყავი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და თანამდროვე სარწყავი წვეთოვნებით უზრუნველყოფა;
  3. საჭიროდ მიიჩნევს, დაეხმაროს მსხვილ და საშუალო ფერმერებს, მეურნე სუბიექტებს, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში უცხოურ ბაზრებზე;
  4. მხარს უჭერს, სახელმწიფოს მხრიდან გლეხების უზრუნველყოფას თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური მასალებით, რაც საბოლოო ჯამში გააიაფებს სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას;
  5. საჭიროდ თვლის, შეიქმნას დამოუკიდებელი მობილური ჯგუფები, რომლებიც დროულ, შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან მეურნე სუბიექტებს ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ ტრეინინგებს.
  6. მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გლეხების მხარდაჭერას, არა ერთჯერადი სუბსიდირებითა და შემწეობით, არამედ დაეხმაროს გლეხებს ცოდნის მოძიებაში, ინფორმაციის დროულად მიღებასა და შესაბამისად, დამოუკიდებლად მართვის უნარების გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ გლეხების კორპორაციულ ერთობებში გაერთიანებას გამოიწვევს;
  7. საჭიროდ მიიჩნევს, სახელმწიფო ვაუჩერების (დახმარებების) კონცენტრირებულ მართვას სოფლის მეურნეობის დონეზე არსებული პრიორიტეტების მიხედვით;
  8. მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას აგრარული პროდუქტების ერთიანი ჩასაბარებელი პუნქტები და მარაგების აღმრიცხველი ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ინტერნეტის საშულებით  ექნება შესაძლებლობა მოიძიოს ინფორმაცია სასურველი აგრარული პროდუქტების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ, რის შედეგადაც გამარტივდება ინფორმაციის  ხელმისაწვდომობა ინვესტორთათვის და არა მარტო მათთვის;
  9. ურჩევს მთავრობას, რეგიონების მიხედვით განსაზღვროს პრიორიტეტული აგრარული პროდუქტები და მიაწოდოს მოსახლეობას შესაბამისი ტექნიკა, ტექნოლოგია და ინფორმაცია;

3.      საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

დღევანდელი მონაცემებით საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს 150 – მდე ქვეყანასთან, აქედან საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილია ქვეყნის  47 საელჩო, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს 49 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა. აღსანიშნავია, რომ ამ სიის გარეთ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოსათვის თანამშრომლობის დონეზე სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ასეთი ქვეყნებს შორისაა მაგალითად ინდოეთი. ზემოთაღნიშნული ვითარება აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, იქნება ეს მოქალაქეობრივ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. ოფიციალური წარმომადგენლობა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოველთვის არის  ინვესტიციების, კაპიტალის, მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივების და ა.შ გარანტი.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ქალაქ ლანჩხუთში:

კომიტეტის წევრები: ირაკლი ბარამიძე, ნათია წილოსანი, რაულ ხერგიანი, თეონა კვაჭაძე, თამუნა წერეთელი, გიორგი ბოლათაშვილი, სალომე ჭეფხოძე, ნათია მშვიდობაძე, მარიამ სანაძე, ანა ფირცხალაიშვილი, თამარ ფირცხალაიშვილი, ანა ბენდელიანი.   

კომიტეტის თავმჯდომარე: თეონა ხუბუტია

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს წუხილს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის მოქალაქეობრივ, სახელმწიფოებრივ თუ მთავრობის დონეზე ინტერაქციის ნაკლებობის გამო;

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საელჩოს არარსებობა  ექსპორტ–იმპორტის შემცირებას იწვევს საქართველოსა და სხვა  ქვეყნებს შორის;

ხაზს უსვამს, რომ არაპირდაპირი ურთიერთობები ზრდის მოქალაქეობრივ, სახელმწიოფოებრივ თუ სხვა ფინანსურ ხარჯებს;

მხედველობაში იღებს თავისუფალი მიმოსვლის პრობლემას საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც არ არის ჩამოყალიბებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები;

გამოხატავს უკაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ნაკლებად მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყანაში კაპიტალისა და ინვესტიციების შემოდინებას იწვევს;

აცხადებს რომ, ზემოთაღნიშნული პრობლემის გამო იზღუდება იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებსაც გადაადგილება სურთ ერთი ქვეყნიდან მეორეში;

მიესალმება ქვეყნებს შორის კულტურული ფასეულობების გაცვლას;

უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ფერხდება სტრატეგიული ურთიერთობები;

გამოთქვამს სურვილს გაკეთდეს უფრო მეტი იმისათვის, რომ მოხდეს სხვა ქვეყნების ჩვენი ქვეყნით დაინტერესება და წარმომადგენლების გამოგზავნა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.  მიიჩნევს, რომ საქართველოს საელჩო უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყნისათვის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში;

2. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ქვეყნების დაჯგუფება რეგიონებად და ამ რეგიონებში გახსნას  ერთი საელჩოს, რომელიც  აღნიშნულ რეგიონს დაფარავს;

3. მხარს უჭერს დიპლომატიური თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას საშუალო და დაბალი მნიშვნელობის მქონე ქვეყნებთანაც;

4. მოუწოდებს ქვეყნებს კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობების ხელშეწყობისკენ;

5. დამატებით აცხადებს იმუშაოს ინდივიდუალურად თანამშრომლობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყნებთან,  რათა მათ შესთავაზოს თანამშრომლობისათვის საჭირო პირობები.

4.            ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

საქართველოში 2006 წელს მიღებული იქნა ახალი შრომის კოდექსი, რომელმაც 2010 წლისათვის ორგანული კანონის ძალა მიიღო და უფრო წონითი დოკუმენტი გახდა. თუმცა, ახალ კოდექსში სრულყოფილად არ არის დაცული დასაქმებულის უფლებები, სწორედ ამიტომ ძალიან გახშირდა სასამართლო დავები. კოდექსში გათვალისწინებული არ არის სათანადო ნორმები, რომელიც დაიცავს დასაქმებულის უფლებებს, ასევე  რიგი მუხლები დისკრიმინაციულია. ექსპერტთა აზრით იგი არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს და არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას.

აღნიშნული დადგენილება მიღებული იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში

კომიტეტის წევრები: მარიამ სიხარულიძე, ლანა იმნაძე, თათია გორგილაძე, ანი ღლონტი, ირა ფირცხალაიშვილი, სოფო ჩახვაძე, ხატია ზღულაძე, ირაკლი ხვიჩია, ქეთი მარშანიშვილი, სალომე ხვიჩია, თეონა ფაცურია, ანი ხიტირი, სოფო ჯორბენაძე, თამუნა სულაბერიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე: ანი ლორთქიფანიძე

საქართველოს ახალგაზრდულია პარლამენტი:

ხაზს უსვამს, რომ შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის ინტერესებისა და უფლებების დაცვას;

სრულიად შეშფოთებულია, რომ კოდექსის მიხედვით შრომითი ურთიერთობის მოშლა შესაძლებელია ერთ–ერთი მხარის ინიციატივით და არ არის გაკეთებული მითითება იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით შეიძლება მოხდეს გათავისუფლება. შესაბამისად დამსაქმებელს ექმნება თავისუფლება, უსაფუძვლობის შემთხვევაშიც მოახდინოს შრომითი ხელშეკრულების მოშლა;

გამოხატავს სინანულს, რომ დასაქმებულს არა აქვს უფლება მოითხოვოს ახსნა–განმარტება გათავისულების,  ან სამსახურში არმიღების თაობაზე;

გამოთქვამს სურვილს, რომ დასაქმებულს შრომის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მიეცეს გაფრთხილება და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა (ეს ვადა განისაზღვროს დამსაქმებლის მიერ);

გამოთქვამს წუხილს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია შრომითი უფლებების შესახებ;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რეგიონებში არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელიც უფასო კონსულტაციას გაუწევს საზოგადობას, დაეხმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში და კონტროლს გაუწევს დასაქმებულთა შევიწროვების ფაქტებს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. ურჩევს ხელისუფლებას შეიტანოს შრომის კოდექსში ცვლილებები, რომლებიც მეტ გარანტიას მისცემენ დასაქმებულს;
  2. მოუწოდებს ხელისუფლებას შეცვალოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლის 1–ლი ნაწილი და მიუთითოს, რომ დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა ყოველგვარი მიზეზის გარეშე და მხოლოდ დამსაქმებლის ინიციატივით;
  3. ურჩევს სახელმწიფო ორგანოებს, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში მიეცეს გაფრთხილება, ან განესაზღვროს დამატებითი ვადა (რაც დაწესდება დამსაქმებლის მიერ) და დამსაქმებელი, მხოლოდ, დარღვევის განმეორების ან დამატებითი ვადის უშედეგოს გასვლის შემდეგ იქნება უფლებამოსილი მოშალოს ხელშეკრულება;
  4. მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დასაქმებულს მიეცეს უფლება სურვილის შემთხვევაში გამოითხოვოს ახსნა–განმარტება დამსაქმებლისგან წერილობითი ფორმით შრომით ურთიერთობის მოშლის,  ან სამუშაოზე არ მიღების თაობაზე;
  5. გმობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და მოითხოვს შრომის კანონმდებლობაში პირდაპირ მიეთითოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება;
  6. ურჩევს ხელისუფლებას, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირებულობა მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი ნებისმიერი საშუალებით;
  7. მოუწოდებს ხელისუფლებას შექმნას შესაბამისი ორგანო, რომელიც რეგიონებში უზრუნველყოფს უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას, დახმარებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და კონტროლის გაწევას დასაქმებულის შევიწროების ფაქტების შესახებ.

5.            რეგიონული განვითარების კომიტეტი

საქართველო მრავალეთნიკური სახელმწიფოა და ამიტომაც ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემის აქტუალობა 1990-ანი წლებიდან განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა, სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება მოსაგვარებელი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების კუთხით, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დემოკრატიისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას საქართველოში. დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა. სხდომაზე გამოიყო ორი მნიშვნელოვანი რეგიონი: ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთ, რადგან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა ამ რეგიონებში ცხოვრობს. საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიის პროპრიტეტები მოიცავს სახელმწიფო ენის ცოდნასა და გავრცელებას, საინფორმაციო იზოლაციას და მედიას, პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობას.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში    

კომიტეტის წევრები: როლანდ ჩხაიძე; თამარ ხოფერია; მარიამ ვაჩეიშვილი; ანა ვაჩეიშვილი; ლაშა მოისწრაფეშვილი; ქეთი თევდორაძე; ანა ჯიჯიეშვილი; გიორგი ჭოჭუა; დათო დანიელიანი; ანზორ ოდილავაძე; ლანა როყვა; გიორგი ჯორბენაძე; ამირან წერეთელი; პაპუნა ფირცხალაიშვილი.

 კომიტეტის თავმჯდომარე: ნათია ღვინჯილია.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:
გამოხატავს უკმაყოფილებას  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის შექმნილ  საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით;

აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა არ ითვალისწინებს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას;

გამოთქვამს შეშფოთებას ეთნიკური უმცირესობებისათვის ენის ბარიერის გამო შექნილ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის არჩევნების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას;

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განიცდიან არჩევნების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას;

გამოთქვამს წუხილს წინასაარჩევნო კამპანიისას, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხრიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ნაკლები აქტიურობის გამო;

ხაზს უსვამს ინსტიტუციონალური სახელმწიფო უწყების არარსებობას, რომელიც მოაგვარებს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს მთავრობას, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საელჩოებთან თანამშრომლობით მომზადდეს, ითარგმნოს შესაბამის ენებზე და გავრცელდეს საარჩევნო კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამა და კენჭისყრის დღის პროცედურების ამსახველი მასალა;
  2. რეკომენდაციას  უწევს  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  საარჩევნო ბიულტენები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაიბეჭდოს ქართულ, სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე, (მთელი ინფორმაცია მოთავსდეს ერთ საარჩევნო ბიულეტენში და არა ცალ-ცალკე);
  3. იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს წინასაარჩევნო რგოლების ეთერში გაშვებას შესაბამის ენებზე;
  4. იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები აქტიურად ჩაერთვებიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიაში და თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ამომრჩევეთა სრულყოფილ ინფორმირებულობას;
  5. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, რომ უმცირესობათა პრობლემატიკაზე მუშაობის მიზნთ შეიქმნას ერთი ინსტიტუციონალური წყება, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით, რათა უზრუნველყოს სხვადასხვა უწყებებს შორის სრული კოორდნიაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული უწყება იქნება პასუხისმგებელი საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე;
  6. იმედს  გამოთქვამს,  რომ  ზემოთაღნიშნული  პრობლემების  აღმოფხვრა  ხელს შეუწყობს  ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ ინტეგრციას საქართველოში;

6.            არემოს დაცვის კომიტეტი

დღესდღეობით საქართველოში და განსაკუთრებით მის რეგიონებში: გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და ნაწილობრივ იმერეთის რეგიონში ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება, რომელიც დიდ ზარალს აყენებს საქართველოს სოფლის მეურნეობასა და ზოგადად გარემოს.

პეპლის ეს სახეობა საქართველოში 1976 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად გავრცელდა. ის დიდ ზიანს აყენებს მცენარეულ საფარს და შესაბამისად, ეკონომიკურად ზარალის მომტანია საქართველოს მოსახლეობისათვის. ეს პრობლემა აისახება მოსავლიანობის ნაკლებობითა და ენდემური ჯიშების განადგურებით,  ასევე  ადამიანს უქმნის საყოფაცხოვრებო დისკომფორტს. ამერიკული თეთრი პეპელა საკვებად ძირითადად იყენებს მცენარის ფოთოლს და მის გადაშენებას უწყობს ხელს.

აღნიშნული რეზოლუცია მიღებულ იქნა  ქალაქ ლანჩხუთში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში

კომიტეტის წევრები: თაკო კუკულაძე, რეზი ჩხაიძე, გიორგი ხურციძე, გიორგი ცეცხლაძე, ალეკო გვარამია, სალომე ჯორბენაძე, კოტე ხოფერია, ნინო  ჩხაიძე, ნათია ჩხაიძე, ირინა მგელაძე, ანნა ბუცი, მზია ჩხარტიშვილი, სოფიკო გურგენაძე, ლევან მახარაძე, ვასილ ჩხარტიშვილი, ქეთი მოქია, მარი ბერიძე, რამინი ქურიძე, გიგი კილაძე, იური საჯაია, ლადო ქურიძე, ვაჟა გობრონიძე, რატი იმნაძე, გიორგი ხერგიანი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ბესარიონ გორჯოლაძე

საქართველოს ახალგაზრდული პალამენტი:

გამოთქვამს უკმაყოფილებას  იმის შესახებ, რომ არ ტარდება საკმარისი ღონისძიებები ზემოთაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად;

აცნობიერებს, თუ რამდენად  დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ამერიკული პეპლის სახეობის  განადგურება;

მიესალმება სხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ სფეროში და დიდ სურვილს გმოთქვამს გაიზიაროს ეს ცოდნა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში;

გამოხატავს უკმაყოფილებას ამერიკული პეპლების მიერ გამოწვეული ფლორისა და ფაუნის პრობლემებთან დაკავშირებით;

შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკული პეპლის შედეგად სასოფლო სამეურნეო პროდუქციის განადგურების გამო;

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს მთავრობას, რომ მოსახლეობას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია ამ მავნებელი მწერის შესახებ;
  2. რეკომენდაციას უწევს მოსახლეობას დაურიგდეს შესაწამლი პრეპარატები, რათა თითოეულმა მოსახლემ ინდივიდუალურად შეძლოს პრობლემასთან დროულად გამკლავება.
  3. რეკომენდაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაიონულ დონეზე შექმნას შემწამვლელი ჯგუფები, რომლებიც აქტიურად დაეხმარებიან მოსახლეობას ამ პრობლემის აღმოფხვრაში;
  4. მოითხოვს, გარემოს დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება ექსპერიმენტული თვალსაზრისით და შემოიყვანოს „ჩინური ფუტკარი“, რომელიც მოახდენს ამ მავნებლების განადგურებას;
  5. ამტკიცებს რომ, აუცილებელია სამეცნიერო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შექმნის დღევანდელთან შედარებით უფრო ეფექტურ პრეპარატს.

7.            სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

ბოლო პერიოდში მოზარდთა დაპირისპირებამ მასშტაბური სახე მიიღო. საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს, სახელმწიფო კი დანაშაულთა რიცხვის შესამცირებლად გარკვეულ ზომებს იღებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მოზარდებში ძალადობის ფაქტები დღითიდღე მატულობს. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემები: 2003 წელს ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 25 ბავშვი იყო, 2009 წელს კი 160 ზე მეტი არასრულწლოვანი იხდიდა სასჯელს.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ ლანჩხუთში

კომიტეტის წევრები: რატი მურვანიძე, ალექსანდრე მურვანიძე, ანი ჩიტიძე, თამო ჩიტიძე, ანი როყვა, მამუკა კუპრაძე, სერგო წილოსანი, მურმან იმნაძე, მიხეილ გოგიჩაიშვილი, გიორგი ცინცაძე, თორნიკე ჯინჭარაძე, გიორგი თევდორაძე, მარიამ გურგენიძე, თამუნა სიხარულიძე.

კომიტეტის თავჯდმარე:  გიორგი აზარიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, რომ ოჯახში არსებული მდგომარეობა შეიძლება გახდეს ბავშვზე როგორც აგრესიის, ასევე მისი, როგორც მოძალადედ ჩამოყალიბების მიზეზი;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სკოლებში საკმარისად არ არის დაცული ბავშვთა უფლებები და ხდება მათი როგორც სიტყვიერი, ასავე ფიზიკური შეურაცხყოფა მასწავლებელთა მხრიდან;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქუჩა დღევანდელ რეალობაში არის აგრესიის გამოვლენის მთავარი ადგილი;

გამოხატავს სინანულს, რომ არ ხდება მასობრივი კონტროლი ცივი იარაღის შეძენა-ტარებაზე;

აანალიზებს, რომ კომპიუტერთან მოზარდის ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ზრდის აგრესიულ დამოკიდებულებას ირგვლივ მყოფთა მიმართ და აქცევს მათ არაკომუნიკაბელურ, დეპრესიულ ადამიანად;

აცნობიერებს, რომ ახალგაზრდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია რელიგიას;

აცხადებს, რომ მოზარდზე ცუდად მოქმედებს ციხის გარემო, მსჯავრდებულს აყენებს ფსიქოლოგიურ და სულიერ ტრამვას და არ იძლევა მოზარდის გამოსწორების გარანტიას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. ურჩევს მოზარდთა მშობლებს, რომ ოჯახში არსებული პრობლემატური მდგომარეობა არ შეეხოს  შვილებს და არ იქონიოს მათ ფსიქიკაზე გავლენა.
  2. მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს ჩაატარონ მონიტორინგი, იმის დასადგენად თუ რამდენად არის დაცული ბავშვთა უფლებები ოჯახებში;
  3. ადასტურებს ფაქტს, რომ სკოლებში ხშირია ძალადობის ფაქტები. მოუწოდებს განათლების  და მეცნიერების სამინისტროს, რომ მასწავლებლებს მკაცრად განესაზღვროთ თავიანთი უფლება-მოვალეობები და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს მკაცრი ზომების მიღება;
  4. რეკომენდაციას უწევს ადგილობრივ თვითმართველობას განავითაროს გასართობი ინფრასტრუქტურა. ამასთანავე მოუწოდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნას დამოუკიდებელი ახალგაზრდული სატელევიზიო არხი და ჟურნალი, სადაც გაშუქდება საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოზარდებისთვის საჭირო და საინტერესო პროგრამები, აქციები, ასევე ახალგაზრდული თამაშები და ტურნირები;
  5. მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაიზარდოს ფულადი ჯარიმები და მაქსიმალურად შეიზღუდოს ცივი იარაღით ვაჭრობა;
  6. რეკომენდაციას უწევს მოზარდთა მშობლებს, აკონტროლონ შვილების საქმიანობა კომპიუტერთან და მოხმარების ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. ამასთან იზრუნონ შვილებისათვის ალტერნატიული გასართობი საშუალებების მოძიებასა და შეთავაზებაზე;
  7. გამოთქვამს წუხილს, რომ სკოლაში აღარ ისწავლება რელიგია. ეკლესიასთან სიახლოვე დაეხმარება მოზარდს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, ეკლესია ამცირებს ძალადობის მოტივს ადამიანში;
  8. დასაშვებად მიიჩნევს, რომ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი მოზარდები, გარკვეული ხნის განმავლობაში გაიგზავნონ მონასტერში, რათა იქ გაიარონ სულიერი რეაბილიტაცია. ასევე შესაძლებელია, რომ მოხდეს მათი დასაქმება საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურებში და გაიარონ ინტენსიური სარეაბილიტაციო კურსები ფსიქოლოგთან.

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s