დუშეთის რეზოლუციები

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დადგენილება №5

27  – 28 – 29 აპრილი, ქალაქი დუშეთი

1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, კერძოდ კი ფერეიდანში, ცხოვრობს ყველაზე დიდი ქართული დიასპორა. ფერეიდნელმა ქართველებმა დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები, ასევე სურვილი ისტორიულ სამშობლოსთან კავშირისა,  თუმცა დღესდღეობით სხვადასხვა მიზეზთა გამო ზოგიერთ სოფელში ხდება ქართული ენის თანდათანობით დავიწყება.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: მათე დიდებაშვილი, თამარ ჩიხაშვილი, ვასილ ფოთოლაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ლუკა ხულელიძე, მალხაზ ჯანიაშვილი, დიანა ველთაური, მერი ზანდუკელი,ფიქრია ოდიშელიძე, ნატალია კოზმანიშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: თამთა ლომთაძე.

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ხაზს უსვამს ფერეიდნელი ქართველების დიასპორის მნიშვნელობას საქართველოსთვის და მასთან მუდმივი კავშირის შენარჩუნების აუცილებლობას;

მიესალმება ფერეიდნელი ქართველების მცდელობასა და სურვილს, შეინარჩუნონ ტრადიციები და კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან;

აცნობიერებს, ფერეიდანსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველებს შორის არსებულ რელიგიურ სხვაობას;

გამოთქვამს წუხილს ფერეიდანის რამდენიმე სოფელში ქართული ენის დავიწყების გამო, რაც გამოწვეულია ისტორიულ სამშობლოსთან ინტენსიური კავშირის შესუსტებით და იქ მცხოვრები ქართველებისადმი ყურადღების ნაკლებობით;

გამოხატავს უკმაყოფილებას სრულყოფილი ინფორმაციის (სტატისტიკური მონაცემები, ქართული ენის ფლობის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნების დონე) ნაკლებობის გამო;

შეშფოთებას გამოთქვამს ფერეიდნელი ქართველების მიმართ არასათანადო ყურადღების გამო, რაც იწვევს მათი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გაუცხოებას და კავშირის შესუსტებას საქართველოსთან;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. ურჩევს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორის საკითხებში, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს კვლევას და შექმნის მონაცემთა ბაზას ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ;
  2. მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საელჩოს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფერეიდანში ქართული ენისა და  კულტურის მეტი პოპულარიზაციის ხელშეწყობისაკენ შემდეგი გზებით:
  • ბიბლიოთეკის შექმნა, სადაც განთავსდება სხვა ლიტერატურასთან ერთად ქართული ლიტერატურა;
  • სამეცნიერო-აკადემიური ორენოვანი (ქართულ – სპარსული) ელექტრონული ჟურნალის დაარსება;
  • ყოველწლიური ერთკვირიანი კულტურული ფესტივალის გამართვა როგორც ფერეიდანში, ისე საქართველოში;

3. მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იზრუნოს ფერეიდნელი ქართველების ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე აღზრდა-განათლებისათვის შემდეგი საშუალებებით:

  • გაცვლითი პროგრამები საქართველოს უმაღლეს სასაწავლებლებში;
  • საქართველოში სპეციალური საზაფხულო ბანაკების მოწყობა ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის;
  • საკვირაო სკოლების იდეის განვითარება, სადაც მოხდება ქართული ენის, ისტორიის, ლიტერატურის შესწავლა;
  • ქართველი ახალგაზრდა მოხალისეების გაგზავნა ფერეიდანში, რომლებიც  საკვირაო სკოლის ფარგლებში ჩაერთვებიან ქართული ენის სწავლების პროცესში;
  • საკვირაო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების ჩამოყვანა საქართველოში წახალისების, ტრადიციების ისტორიულ სამშობლოში გაცნობის მიზნით.

2. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

დღეს, საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი მონოპოლიზებულია მაღალი კონტროლირებადი ფასებით ერთი ან ერთმანეთთან მორიგებული რამდენიმე კომპანიის მიერ. ფაქტობრივად არ არსებობს, ან შეზღუდულია თავისუფალი საბაზრო კონკურენცია.

 

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: დავით ღარიბაშვილი, ლიკა მაზმიშვილი, ფიქრია ზურაბაშვილი, თამარ ქავთარაძე, ნათია ხულუზაური, ირაკლი ხაჩიძე, ვანო პირმისაშვილი, გიორგი ყარსიმაშვილი, რევაზ გაბრიელაშვილი, ნიკოლოზ ახობაძე, სანდრო ლალიაშვილი, ალექსადრე ჩხუტიაშვილი, ნინო გორთამაშვილი, მარი ესტატიშვილი, მარი შაბურიშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ნოდარ ივანიძე, კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: თინათინ კუჭაიძე.

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში ანტიმონომოპოლისტური სამსახურის არარსებობის გამო;

ხაზს უსვამს მონოპოლისტური ბაზრების არსებობას საქართველოში;

გამოთქვამს წუხილს კონკურენციის არარსებობაზე შემდეგ სფეროებში: ფარმაცია, ტელეკომუნიკაციები და  ნავთობპროდუქტები;

გამოხატავს უკმაყოფილებას ხელოვნურად შექმნილ მაღალ ფასებზე;

ხაზს უსვამს მომხმარებლებისთვის ფასებზე ზეგავლენის უფლებების წართმევას;

აანალიზებს, რომ ახალი კომპანიებისთვის რთულია მონოპოლისტურ ბაზრებზე შესვლა;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. გმობს ანტიმონოპოლისტური სამსახურის გაუქმებას და მოუწოდებს მთავრობას მისი აღდგენისაკენ;
  2. ადგენს, რომ მიღებულ იქნას კანონი მონოპოლისტური საქმიანობების რეგულირების შესახებ;
  3. რეკომენდაციას უწევს მთავრობას, სათანადოდ განსაზღვროს ანტიმონოპოლისტური სამსახურის უფლებები და მოვალეობები;
  4. მოუწოდებს მთავრობას ეკონომიკაში უხეში ჩარევის გარეშე მოახდინოს მონოპოლისტური ბაზრების რეგულაცია;
  5.  ურჩევს მთავრობას, მოახდინოს ბაზრების რეგულაცია ობიექტური გამოკვლევის შედეგად;
  6. რეკომენდაციას უწევს მთავრობას, მხარი დაუჭიროს ბაზარზე კონკურენციას და წაახალისოს დამწყები ბიზნესები;

 

 

3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, აქტუალურია ნაგვის დახარისხებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს  ნიშნავს მაკულატურის არარსებობას და ახალი რესურსების გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში.

 

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები:  უჩა ავლახაშვილი, გიორგი მაჭავარიანი, ბონდო ლიქოკელი, ნატო ნანიაშვილი, ნინო ჩერქეზიშილი, გიორგი სანაშვილი, მარიამ ბედუკაძე, მარიამ გურაშვილი, ბექა ბექაური.

კომიტეტის თავმჯდომარე: ლიკა დეისაძე, კომიტეტის თანა-თავმჯდომარე: დიმიტრი ხულუზაური.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოში მაკულატურის გადამამუშავებელი ტექნოლოგიების არარსებობის გამო იზრდება ნაგვის საერთო რაოდენობა ( საყოფაცხოვრებო  ნაგვის 18% შეადგენს ხელახლა გამოსაყენებელ მასალას, რაც ამცირებს ქვეყნის ტერიტორიას);

ხაზს უსვამს, რომ ახალი მასალის მოსაპოვებლად გამოიყენება სხვა რესურსები, იჭრება ხეები, რათა მიღებულ იქნას ქაღალდი.

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ ხეების რაოდენობის ამ მიზნით შემცირების გამო მცირდება ჟანგბადის რაოდენობაც;

აცნობიერებს, რომ ნაგვის დიდი რაოდენობის გამო ხდება გარემოს დაბინძურება (წყლები, ნიადაგი);

აღნიშნავს, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების (მეწყერი,სელი,წყალდიდობა) ძირითადი გამომწვევი მიზეზია ხეების ნაკლებობა;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. გმობს გამოსადეგი ნარჩენების გამოუყენებლობას    და  მოუწოდებს  მთავრობას ნაგვის დახარისხებისა და გადამუშავებისაკენ, ნაგვის ნაკლები რაოდენობით შესაძლებელია ტერიტორიული სივრცის გათავისუფლება;
  2.  მოუწოდებს მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქტიურდნენ, მედიის საშუალებით გაავრცელონ ინფორმაცია ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობის შესახებ;
  3.  მიესალმება  ხეების შენარჩუნებას ჟანგბადის რაოდენობის გაზრდის მიზნით;
  4.  ადგენს, რომ გადამუშავებული პროდუქტით მიღებული თანხა მოხმარდეს გარემოს დასუფთავებას;
  5. რეკომენდაციას უწევს,  დაიზოგოს ბუნებრივი რესურსი, რათა მისი სიმცირის გამო არ მოხდეს ბუნებრივი კატაკლიზმები;

 

 

4. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

დემოკრატიული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი შრომის დანაწილება. დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში მოქალაქეები ხშირად მოხალისეობენ, რათა გააკეთონ საზოგადოებისათვის საჭირო საქმე უსასყიდლოდ. მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისათვის, თუმცა საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის მოხალისეობის არსი.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: მარიამ ყარმაზანაშვილი, მარიამ ნამგალაური, თამთა ჩხაიძე, ნინო ჩიხაშვილი, გაგი ჩოხელი, ლევან წიკლაური, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი ჯაბანიშვილი, მარიამ კუჭაიძე, ქეთი მაჭავარიანი, მარიამ არაბული, ნიკა გვრიტიშვილი, ირაკლი ბერბერაშვილი, მელანო ფიცხელაური.

კომიტეტის თავმჯდომარე: ნათია შარიქაძე.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ხაზს უსვამს, რომ არსებობს ინფორმაციის სიმცირე საზოგადოებაში მომოხალისეობასთან დაკავშირებით;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მოსახლეობისათვის მოხალისეობა ასოცირდება პიროვნულ სარგებელთან;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მოხალისეობა არ წარმოადგენს ღირებულებას;

მხედველობაში იღებს, რომ არ არსებობს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. ქოლგა ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული მოხალისეები ნებისმიერ დროს მზად იქნებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში;

მხედველობაში იღებს, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მიუთითებს და დაარეგულირებს, თუ რა დატვირთვით შეიძლება მოხალისე სტაჟიორის დასაქმება სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებებში, რაც იწვევს შრომითი რესურსების არაადეკვატურად გამოყენებას;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. აღნიშნავს, რომ საჭიროა შეიქმნას სარეკლამო რგოლები მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის;
  2. რეკომენდაციას უწევს ლოკალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო მეტი ტრენინგები და აქციები მიმართონ მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის;
  3. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, დაწესდეს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც გასწევენ  მოხალისეობრივ სამსახურს, კერძოდ: მოხალისეობრივი სამსახურის 100 საათი შეესაბამებოდეს ბრინჯაოს მედალს; 300 საათი – ვერცხლის მედალს და 500 საათზე მეტი – ოქროს მედალს, რომელსაც თან დაერთვება პრეზიდენტის სამადლობელი წერილი[1]. სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებისას კი, პრირიტეტი მიენიჭოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული ჯილდოს მფლობელები იქნებიან;
  4. დასაშვებად მიიჩნევს, ცვილილება შევიდეს საგანმანათლებლო კანონში, რომლის მიხედვითაც სტუდენტის სტატუსის მსურველთათვის სავალდებულო გახდება 50 საათი საზოგდოებრივი სამსახურის გაწევა, რათა მათ მიეცეთ უფლება გახდნენ, საქართველოში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტი;
  5. ამტკიცებს, რომ წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) დაწესებული იყოს გარემოს დაცვის დღეები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება და წვლილს შეიტანს გარემოს დაცვაში;
  6. რეკომენდაციას უწევს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ შექმნას ე.წ. ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს, უკვე არსებულ ორგანიზაციების (მაგ: წითელი ჯვრი, „ჰელფინგ ჰენდ“-ს და ა.შ.) მოხალისეებს და შექმნის სამინისტროს მოხალისეთა ბაზას, რომლის წევრებიც მზად იქნებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში კვალიფიკაციისა და ინტერესის სფეროების გათვალისწინების მიხედვით;
  7. დასაშვებად მიგვაჩნია, შრომის კოდექსს დაემატოს მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტაჟიორების სამუშაო გრაფიკის მინიმალურ ზღვარს კვირაში 5 საათის ოდენობით და მაქსიმალურ ზღვარს კვირაში 15 საათის ოდენობით;

 

5. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პატიმართა უფლებების დაცვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. განსაკუთრებით მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები ხდება თვალშისაცემი. ამ პრობლემის აღსაკვეთად აუცილებელია დასახულ იქნას შესაბამისი გადაჭრის გზები, რათა მივაღწიოთ პატიმართა უფლებების დარღვევის შემცირებას, არ შეილახოს ნდობის ფაქტორი მთავრობის მიმართ და შევინარჩუნოთ მართვის გამართული სისტემა საპატიმრო დაწესებულებებში.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების  მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: ანი ქავთარაძე, მათე ქავთარაძე, ნიკა ქავთარაძე, რამაზ ქაშიაშვილი, ნინო გელიაიძე, თამარ პირმისაშვილი, ქეთი მელიქიშვილი, ლამარა ფოთოლაშვილი, ლიანა ხოსრიაშვილი, რუსუდან ნათელაშვილი, მარიამ ხუცურაული, ნინო ჯავახიშვილი, თაია ნადიბაიძე, ნინო ხულუზაური, თეონა ჯუხარაშვილი, გვანცა ბედოშვილი, ლევან კობაიძე, ლევან მუშკუდიანი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ხატია ქობალია.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიმართ უფლებამოსილების გადაჭარბების საკითხზე, რაც არღვევს პატიმართა უფლებებს და იწვევს არასათანადო მოპყრობის პრეცენდენტის ზრდას;

გამოხატავს უკმაყოფილებას, მსჯავრდებულებზე ზეწოლის განხორციელების ფაქტზე, რომელიც ბადებს შიშის სინდრომის ჩამოყალიბებას. არსებული მდგომარეობა კი ხელს უშლის ეფექტური გამოძიების წარმართვას;

ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო კონტროლის არარსებობას, რაც  პატმართა შორის დაპირისპირებისა და მათი უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება;

ამტკიცებს, პატიმართა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების მიკერძოება, დანაშაულის დაფარვა და ხელშეწყობა, გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას და მსჯავრდებულ პირებზე ძალადობის ფაქტების სტატისტიკის ზრდას;

ხაზს უსვამს, არასათანადო რეაგირება, მარეგულირებელი სისტემის მხრიდან აყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს თავისთავად უარყოფითად აისახება მსჯავდებულთა უფლებებზე;

აპროტესტებს მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის შეზღუდული ურთიერთობის ფაქტს, რის შედეგადაც პატიმარი ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენს საკუთარი პრობლემის აღმოფხვრას და თვითრეალიზაციას;

აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც მსჯავდებულთა, ასევე სასჯელაღმსრულებელ პირთა მიერ;  

  

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.   რეკომენდაციას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კონტროლის გამკაცრებას, სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ჯგუფის გამოყოფას, რომელიც მოახდენს ყოველთვიურ მონიტორინგს და თითოეული საკითხის გამოძიებას;

2.   მიიჩნევს, რომ საჭიროა სანქციების და ჯარიმების დაწესება, რომელიც შეამცირებს ძალაუფლების გადაჭარბების პრეცედენტს. ასევე, საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა შიდა მონიტორინგის განხორციელებისას (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია);

3.    მოუწოდებს, დაწესდეს მკაცრი მეთვალყურეობა კონკრეტულ მსჯავრდებულზე საჩივრის შეტანის შემდეგ.

4.    ადგენს, რომ მსჯავრდებული ინფორმირებული უნდა იყოს, გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე;

5.    მოუწოდებს, გამოძიების ეფექტურად ჩატარებას, მის ბოლომდე მიყვანას და წინასწარი გამოძიების წარმოებას;

6.   იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მსჯავრდებულთან;

7.    ადგენს, ჩამოყალიბდეს თანაბარი სადამსჯელო სანქციები თითოეული მსჯარდებულისთვის, რათა არ მოხდეს მათი განსხვავება და სასჯელის არსათანადო შეფარდება;

8.   ეწინააღმდეგება, ფსიქიკურად დაავადებულ მსჯავრდებულთა განთავსებას, სხვა პატიმრებთან ერთად, რაც ხშირ შემთხევვაში იწვევს მათზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას და ფსიქიკის შერყევას;

9.  მოუწოდებს, შესაბამის ორგანოებს დასჯის მეთოდებზე სათანადო რეაგირებას. კანონის სისრულეში მოყვანას და დანაშაულის დასჯას შესაბამისი მუხლების გამოყენებით;

10.  მოითხოვს, მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის, დადგენილებით განსაზღვრული შეხვედრის დროის გაკონტროლებას და მონიტორინგს;

11.   მიესალმება, რომ არ უნდა ხდებოდეს ადვოკატისა და მსჯავრდებულის შეხვედრების მკაცრი კონტროლი. რაც, სიტუაციის წარმართვას და გამოძიების ეფექტურობას შუშლის ხელს;

12.  მხარს უჭერს, ადვოკატს მიეცეს საშუალება თვალყური ადევნოს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, მეტი ეფეტურობისა და გამჭვირვალობისთვის;

13.   მოუწოდებს სოციალურ სააგენტოებს უკეთესი და აქტიური მუშაობისკენ, რომ ხელი შეეწყოს კანონის უზენაესობის დაცვას;

 

6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

აუტიზმის მართვა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ბოლო მონაცემებით, რომელიც 2012 წლის მარტის ბოლოს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნდა, მსოფლიოში ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია. საქართველოში მხოლოდ 6 წლამდე ასაკის, 2500 აუტისტი ბავშვია.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: იაგო ქოქაშვილი, თიკო კვესაძე, ნინო ჩხუტიაშვილი, ლიკა ქავთარაძე, ნატო გაგელიძე, ქეთი ღურბელაშვილი, ანი მწითური, მარიამ ქავთარაძე, ვასიკო მწითური, ნინო ზეიკიძე, ნატო მანგოშვილი, ხატია ბადაგაძე, ანა მისრიაშვილი, თამუნა ნაზღაიძე

კომიტეტის ხელმძღვანელი: შორენა მეგრელიშვილი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაში არსებობს აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე, რაც კერძოდ გამოიხატება შემდეგში:

  • საზოგადოების ნაკლებად შემწყნარებლური დამოკიდებულება აუტიზმით დაავადებული მოქალაქეების მიმართ;
  • სკოლებში, აუტისტი ბავშვების მიმართ თანატოლების გაუცხოება;

გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოში აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს არ აქვთ სათანადო პირობები შექმნილი იმისათვის, რომ  მოხდეს მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია;

ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ოჯახების უმეტესობის რთული სოციალური მდგომარეობის გამო, ხშირად შეუძლებელია აუტიზმით დაავადებული ბავშვის სათანადო მკურნალობა თერაპიის მაღალი ფასების გამო. (1 საათიანი ABA თერაპიის ფასი 20-25 ლარია);

აცნობიერებს, რომ ინკლუზიური განათლება საქართველოში არ არის სათანადოდ განვითარებული. ხშირად მშობლებს თავად უხდებათ გაკვეთილებზე შვილებთან ერთად დასწრება, ყველა მასწავლებელს კი  მაინც არ აქვს ინკლუზიურ ბავშვებთან ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ აუტიზმით დაავადებული ადამიანები არ არიან სათანადოდ აღრიცხული, ზუსტი რაოდენობის და საცხოვრებელი მდეობარეობის  დადგენის მიზნით;

გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში სპეციალური ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრების ნაკლებობასთან დაკავშირებით;

გამოხატავს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე მხოლოდ 2 სპეციალისტია და მხოლოდ მათ აქვთ სხვა კადრების მომზადების უფლება, რაც  სპეციალისტების დეფიციტს ქმნის;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ საზოგადოების აუტიზმთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, აუცილებელია:
  • დოკუმენტური ფილმების, აქციების, რეკლამებისა და პოსტერების საშუალებით საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია აუტიზმთან დაკავშირებით, რაც ასევე გაზრდის მოქალაქეების შემწყნარებლობას აუტისტი ადამიანების მიმართ;
  • სკოლებში მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის მოეწყოს სპეციალური შეხვედრები, სადაც განიხილება ინკლუზიის საკითხი და მოხდება მათი ცნობიერების ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით;
  1.  მხარს უჭერს ისეთი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხშირ ჩატარებას, სადაც აუტიზმით დაავადებული ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას;
  2. მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს სპეციალური, გაუმჯობესებული  პროგრამების შემუშავება აუტისტი ბავშვების უკეთესი აღრიცხვის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში მცხოვრები აუტისტი ადამიანებისათვის უფასო მკუნალობის შეთავაზების მიზნით;
  3. რეკომენდაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა სკოლაში დანერგოს ბავშვთა ფსიქოლოგისა და თერაპევტის ინსტიტუტი, რომლებიც აუტისტ ბავშვებს გაკვეთილის მსვლელობის პროცესში დაეხმარებიან;
  4. მოუწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს დააარსოს სპეციალური აღჭურვილობის მქონე,  10 რაიონული ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, სადაც მომუშავე თერაპევტები, სპეციალისტები და პარა-ფსიქოლოგები რაიონებში მცხოვრებ აუტისტ ადამიანებს მისაღებ ფასად სათანადო დამხარებას აღმოუჩენენ;
  5. მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს თერაპევტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების უცხოეთში ან ადგილობრივ დონეზე, აუტიზმის სფეროში სპეციალიზაცია იგივე ABA თერაპიის უფრო მეტი ადამიანისათვის გაწევის მიზნით;

7. განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი

საქართველოში არ არსებობს წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთობლიობასაც სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებთ, მასების მიერ აღიქმება, როგორც უცხო ფენომენი, რომელიც არ გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არაა გაწევრიანებული არცერთ ნებაყოფლობით ორგანიზაციაში.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ დუშეთში

კომიტეტის წევრები: გაგა ხორნაული, ანანო ჭინჭარაული, შალვა უნდილაშვილი, ანანო თოთიაური, გვანცა მარკოიშვილი, ვლადიმერ მირზიაშვილი, გიორგი ქარაული, სოფო სუარიძე, გიორგი ჭინჭარაული, ანა ფიცხელაური, ნატო კარიაული, ლელა მიდელაური, ხატია ბეკურაშვილი, ეთერ ქავთარაძე, ხატია ბეკურაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ლევან  ჯუღელი

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არ არის აპოლიტიკური;

გამოთქვამს წუხილს, რომ ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების შესახებ არ არის  ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაში;

გამოხატავს უკმაყოფილებას, არასამთავრობო ორგანიზაციებში  არასაკმარისად კვალიფიცირებული კადრების არსებობის გამო;

სინანულს გამოხატავს,  საშუალო  სკოლებში სამოქალაქო განათლების  არაკომპეტენტური სწავლების  გამო;

აცნობიერებს  ხალხის პასიურ ჩართულობას საზოგდოებრივ აქტივობებში;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ აუცილებელია არასამთავრობო სექტორის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება ბროშურების, ბეჭდური მედიისა და ტელევიზიის საშუალებით;
  2. 2.  რეკომენდაციას უწევს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლასგარეშე სპორტული, კულტურული და არაფორმალური განათლების მცირე წრეების დაარსებას;
  3. ამტკიცებს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს უნარშეზღუდულ პირთათვის   ინფორმაციის მიწოდება ინდივიდუალური საშუალებებით;
  4. 4. მოუწოდებს, რომ სავალდებულო  გახდეს  პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება სამოქალაქო  განათლების დარგში;
  5. 5. რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს, რათა  დააფინანსოს არასამთავრობო  სექტორი, თუმცა არ ჩაერიოს  შიდა აქტივობებში;
  6. 6.  მხარს უჭერს, რომ დაარსდეს სადამკვირვებლო საზოგადოება, რომელიც  გააკონტროლებს სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას;
  7. 7. მოუწოდებს, რომ  სამოქალაქო საზოგადოებამ  სცადოს ხალხის ინტეგრაცია საზოგადოებაში;

[1] ინიციატივა გადმოღებულია აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკიდან, რომელიც დღემდე ეფექტურად მუშაობს.

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment