გურჯაანის რეზოლუციები

 

 


საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ქალაქი გურჯაანი, 9 – 11 მარტი, 2012 წელი

  1. 1.           ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

დადგენილება #1

ძალადობა Bბავშვებზე იმ მწვავე კატეგორიის პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელზე სათანადო რეაგირების არქონა ქვეყნის მომავლისათვის დიდი საფრთხის შემცველია. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში  ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, უმეტეს შემთხვევაში თავად იზრდებიან მოძალადეებად და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებებად ყალიბდებიან.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ალაქ გურჯაანში:

კომიტეტის წევრები: მაყვალა სააკაშვლი; ანა ბერიკაშვილი; ანა თევდორაშვილი; ქეთევან კოშაძე; ანი შავლიაშვილი; თამთა რუაძე; ნინო ჯაფოშვილი; დიანა ჯამასპიშვილი; ილია ზაკალაშვილი; შალვა ხიდეშელი; ირაკლი ლუაშვილი; სოფო ცისკარაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: ქეთევან ჩიტაშვილი

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს ოჯახებში ბავშვებზე ძალადობის ხშირი შემთხვევების თაობაზე;

აცნობიერებს, რომ ნაკლებად ხდება საზოგადოების ინფორმირება ბავშვთა უფლებების შესახებ, ხშირად საზოგადოების წევრები გაუთვითცნობიერებლად უწყობენ ხელს ძალადობის ფაქტებს;

აანალიზებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, სიტუაციას, რომელშიც ბევრი ბავშვი იძულებულია შეასრულოს ფიზიკური სამუშაო ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.Uუმრავლეს შემთხვევაში კი აღნიშნული  სამუშაო არალეგალურია, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ტრეფიკინგის შემთხვევების ზრდას;

აანალიზებს ფაქტს, რომ ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ინტენსიურად მყოფი პირების გარემოში მოხვედრილი ბავშვები ხშირად განიცდიან ძალადობას აღნიშნული პირების მხრიდან, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას;

მწუხარებით აღნიშნავს, რომ ქუჩებში გვხვდებიან მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც განიცდიან ოჯახური სითბოს ნაკლებობას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი;

მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუსაფარი ბავშვების ბავშვთა სახლიდან საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის შესახებ;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ ხშირად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები საზოგადოების  ცალკე ნაწილად მოიაზრებიან;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ სკოლებში  შეიმჩნევა მასწავლებლების მხრიდან ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიღებული აქვს  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ზომები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.      მოუწოდებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, შექმნას სპეციალური სამსახურები ოჯახში ბავშვებზე ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ფაქტის აღმოჩენისთანავე მოხდეს შემთხვევის მიზეზების გაანალიზება, შემდგომ ორივე მხარესთან ინდივიდუალური მუშაობა და მიზეზთა აღმოფხვრა;

2.     მიესალმება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება რეკლამების, აქციების, ტრეინინგებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების სახით;

3.     მხარს უჭერს საქართველოში  მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას და შეამცირებს ბავშვების იძულებით მუშაობას;

4.     გმობს ბავშვების ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ინტენსიურ მომხმარებელ პირთა გარემოში მოხვედრას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნელყოს მათი ბავშვებისაგან დისტანცია და ასევე მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნით;

5.     გამოხატავს წუხილს მიუსაფარი ბავშვების ქუჩაში ცხოვრების ფაქტებზე და მხარს უჭერს შესაბამისი სამსახურის შექმნას, რომელიც მოახდენს მათ სრულ აღწერას და განახორცილებს მათ ოჯახებში განაწილებას, ან უკიდურეს შემთხვევაში  –  ბავშვთა სახლში მოთავსებას;

6.     რეკომენდაციას უწევს შესაბამის სტრუქტურებს, გააუქმოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ბავშვებისათვის ცალკე სკოლები  და შესაბამისად მოხდეს მათი ინტეგრაცია  საჯარო სკოლებში;

7.     ეწინააღმდეგება მასწავლებლების მიერ ბავშვებზე  ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებას და მოითხოვს  „დახურული სკოლების“ სისტემის გაუქმებას და სკოლაში მომხდარი ინციდენტების საჯაროობას საზოგადოებისთვის;

 

  1. 2.           განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი

 

დადგენილება #1

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სწავლების ახალი მეთოდის შემუშავებას, რომელიც დაეხმარება სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირები) მოსწავლეებს ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური, ლინგვისტური და სხვა უნარების განვითარებაში. მიუხედავად უკვე გატარებული  რეფორმებისა, კვლავაც ვერ ხერხდება ინკლუზიური ბავშვების სრულფასოვანი ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. საჭიროა, მოიძებნოს ახალი იდეები და წინადადებები, რომელთა განხორციელებაც დაგვეხმარება სსსმ ბავშვებისათვის განათლების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გურჯანში:

კომიტეტის წევრები: მარიამ სიმონიშვილი, გიორგი ტყავაშვილი, ცირა ზადიაშვილი, გიგა ასკილაშვილი, თათია მარჩილაშვილი, თამაზ მანგოშვილი, ანნა ჟამურაშვილი, გიგა კაკალაშვილი, შალვა თანდილაშვილი, ნელი ბერიძიშვილი, სოფიკო ჩიტაშვილი, ნიკა მექერიშვილი, თამარ ჯანიაშვილი, გაგა მექერიშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ოთარ კობახიძე.

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

მხედველობაში იღებს არაადეკვატურ, არათანაზომიერ (ზემდეტი/ნაკლები) ყურადღებას  პედაგოგთა და ფართო საზოგადოების მხრიდან სსსმ ბავშვებისადმი;

აცნობიერებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობას სასწავლო გარემოში;

აანალიზებს სასწავლო გეგმაში ამ მიმართულებით არსებულ სისუსტეებს;

ხაზს უსვამს ინფორმაციის ნაკლებობას და გავრცელებულ სტერეოტიპებს ქართულ საზოგადოებაში;

გამოთქვამს წუხილს სკოლებში მულტიდისციპლინური გუნდის არარსებობის თაობაზე;

ითვალისწინებს არახელსაყრელ სადაზღვევო პირობებს შშმ ბავშვებისათვის;

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ისეთი რეფორმები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის შესაძლებელი იქნება მედიის საშუალებით, რათა მოხდეს მათი ადეკვატურად აღქმა.
  2. მხარს უჭერს ტრენინგების ჩატარებას მასწავლებლებისათვის, რის შემდგომაც ინფორმაციას ისინი თავის მხრივ გააცნობენ მშობლებს, ბავშვებსა და დაინტერესებულ პირებს
  3. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, გამოყოს ფინანსები საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზივებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვის მიზით
  4. გამოთქვამს წუხილს, რადგან ინკლუზიურ მოსწავლეებს არ აქვთ თანაბარი განათლების მიღების საშუალება სხვა მოსწავლეების მსგავსად.
  5. მხარს უჭერს, რომ შემუშავდეს შშმ ბავშვებისათვის ახალი სასწავლო გეგმა, ამასთანავე შესაბამისი დამატებითი სახელმძღვანელოები.
  6. მოუწოდებს მთავრობას, აღმოფხვრას ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში სსსმ ბავშვებზე, სხვადასხვა ღონისძიებების (არაფორმალური განათლების, ტრენინგების თუ სხვა პროგრამების) საშუალებებით, რისი მეშვეობითაც ხელი შეეწყობა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევას
  7. მოუწოდებს მთავრობას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინკლუზიური და არაინკლუზიური ბავშვების რეაბილიტაციისათვის და სხვა სახის დახმარებებისათვის, შექმნას მულტიდისციპლინური გუნდი ყველა სკოლაში, რომელიც დაკომპლექტდება: ექთნით, ექიმით, ფსიქოლოგით და სოციალური მუშაკით.
  8. დაზღვევის პრობლემის გადასაჭრელად ითხოვს, რომ გამოყოფილ იქნას შესაბამისი თანხები სოციალურად დაუცველი და სხვა ფენების წარმომადგენელი სსსმ ბავშვების სამედიცინო დაზღვევისათვის.
  1. 3.           აგრარულ საკითხთა კომიტეტი

 

დადგენილება #1

საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემაში ვაზის კულტურის როლი განმსაზღვრელია. უკანაკსნელ ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ქართველი გლეხების ვაზისადმი ერთგვარი გულაცრუებული დამოკიდებულებისა, რადგან იგი ვერ ახერხებს მოსავლის სათანადო ფასად რეალიზებას. განსაკუთრებით საფერავის ყურძნის ფასია დაბალი, თუმცა მოსახლეობამ იგი გააშენა სწორედ მაღალ ფასად რეალიზაციისათვის. შექმნილი რეალობით კი ფასი 50/65 თეთრია, რაც მცირე მოსავლიანობის პირობებში და ვენახის მოვლის გაძვირებული საშუალებების გათვალისწინებით დანახარჯებს ვერ ანაზღაურებს.  2005 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ 2007, 2008 წელს დაფიქსირდა გლეხების მიერ ვაზის გაჩეხვის რამოდენიმე ფაქტიც.  ასეთი შემთხვევები მრავლად იყო ახალშენში, სოფელ გურჯაანში, კონდოლსა და წინანდალშიც კი.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გურჯაანში:

კომიტეტის წევრები: თამუნა ზავრაშვილი; მარიამ ნატროშვილი; საბა ოსიაშვილი; ლევან ბეჟაშვილი; ნინო ურატაძე; ლევან იაგანაშვილი; ლიკა მამულაშვილი; დემეტრე სოღულაშვილი; ნიკა დემეტრაშილი; ლაშა ქოროღლიშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: გვანცა გრიგალაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კახეთის რეგიონში მევენახეობის დარგში არსებული პრობლემების თაობაზე. აღნიშნავს, რომ გაძვირებული წარმოების ხარჯების გამო გლეხს არ რჩება სარგებელი წარმოებული პროდუქციიდან

გამოთქვამს წუხილს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა (ტრაქტორები, შესაწამლი აპარატები) არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს

სრულიად შეშფოთებულია დაფიქსირებული რამოდენიმე შემთხვევის გამო, როდესაც მოხდა შესაწამლი აპარატით გლეხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სამუშაო პროცესში

გამოხატავს უკმაყოფილებას მუშახელის არაპროფესიონალიზმის გამო

მწუხარებით აღნიშნავს ახალგაზრდების ინდიფერენტულ დამოკიდებულებას აგრონომიის, სოფლის მეურნეობის დარგობრივი შესწავლის მიმართ

მხედველობაში იღებს  და მიესალმება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საწვავისთვის გამოყოფილი თანხას (დახმარებას) გლეხებისთვის, თუმცა ამავე დროს გამოხატავს უკმაყოფილებას აღნიშნული თანხის არაპროპორციული განაწილების გამო

ითვალისწინებს აქამდე არსებულ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და მიღებულ დადგენილებებს სოფლის მეურნეობის დარგში

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი: 

  1. საჭიროდ მიიჩნევს, ჩატარდეს სოციოლოგიური კვლევა გლეხის მოსავლის რაოდენობის უკანასკნელი წლების მონაცემების მიხედვით და არა თანაბარი გადანაწილების პრინციპით. იმედს გამოთქვამს, რომ სახლემწიფოს მხრიდან მოხდება სასუქებსა და შხამქიმიკატებზე ვაუჩერების დარიგება 50%  დახმარების სახით.
  2. რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას მევენახეთა აღრიცხვის საფუძველზე და ზემოთაღნიშნული სოციოლოგიური კვლევის გათვალისიწნებით უზრუნველყოს შესაწამლი მანქანების დარიგება
  3. მიიჩნევს საჭიროდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფების, დაინტერესებული პირების დატრენინგებას მევენახეობის მიმართულებით ქართველი ან უცხოელი კვალიფიცირებული ტრენერების მიერ
  4. დასაშვებად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან სწავლის დაფინანსებას, როგორც ნაწილობრივი (30, 50, 70 პროცენტი), ასევე სრული სახით მევენახეობის დარგობრივი შესწავლის მიზნით. ახალისებს სტუდენტური გაცვლითი სამაგისტრო პროგრამების დაგეგმვას საფრანგეთსა და იტალიაში
  5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს სპეციალური სოციოლოგიური კვლევა ვენახების ფართობის აღრიცხვის მიზნით და შესაბამისად უზრუნველყოს საწვავის გადანაწილება  აღნიშნული კვლევის გათვალისიწნებით.
  1. 4.           სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

 

დადგენილება #1

საქართველოს მასშტაბით, ძალიან მცირე რაოდენობით არსებობს  სასწავლო დაწესებულება გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით. პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით იკვეთება საქართველოს რეგიონების სკოლებში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ახალგაზრდობის სპორტულ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებაზე.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გურჯანში:

კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ავეტისიანი; ხატია ბაცანაძე; გიორგი ბერიკაშვილი; ანი ზარდიაშვილი; მეგი ლიპარტაშვილი; სალომე მახარაშვილი; ალექსანდრე სოლოღაშვილი; სალომე ქართლელიშვილი; მარიამ ხაზიური; გიზო ხუნაშვილი; დავით ჯამასპიშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: ნათია შარიქაძე

 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასწავლო დაწესებულებებში სათანადო სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო;

ითვალისიწნებს, რომ სკოლებში არ არსებობს სპეციალური სპორტული სასწავლო პროგრამა;

აცნობიერებს, რომ საგანმანათლებლო სისტემა განიცდის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას სპორტის სფეროში;

გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ არ არსებობს სპორტული სახეობების მრავალფეროვნება საქართველოს ყველა რეგიონში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სპორტული ტურნირებისა და შეჯიბრებების ინტენსივობაზე

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.         მხარს უჭერს, მოხდეს სასწავლო დაწესებულებების სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა, პრობლემების დაფიქსირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება

2.         რეკომენდაციას უწევს თითოეულ რაიონში მინიმუმ ერთი სპორტული კომპლექსის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (ინვენტარით) და რომელსაც გამოიყენებს ყველა სასწავლო დაწესებულება გაწერილი განრიგის მიხედვით

3.         საჭიროდ მიიჩნევს, მოხდეს სოფლად არსებული სპორტული ნაგებობების და სტადიონების მოვლა-პატრონობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად

4.         მოუწოდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავონ სპეციალური სპორტული სასწავლო პროგრამა, მოახდინონ სპორტის მასწავლებლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება

5.         რეკომენდაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს სხვადასხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაცია უფრო მეტი ტურნირების ჩატარების მეშვეობით.

 

  1. 5.           საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

დადგენილება #1

არსებული რეალობის გათვალისწინებით თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებს ემუქრება განადგურების საფრთხე. თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს: ქართული მხარისთვის 4 ისტორიული ძეგლის რესტავრაციის უფლებას თურქეთის ტერიტორიაზე და  სანაცვლოდ თურქული მხარისთვის სამი მეჩეთის რესტავრაციისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის უფლებას.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წვრების მიერ ქალაქ გურჯაანში:

კომიტეტის წევრები: თამარ ჩიბარაშვილი; ნათია სელუმაშვილი; ზაზა ცანკაშვილი; სალომე თევდორაშვილი; ანა მოსემღვდლიშვილი; თამუნა მინდორაშვილი; მარი ხარტონიშვილი; მზია ებიტოვი; ტარიელ ელისაშვილი; ირაკლი გველუკაშვილი; გიორგი ბეროშვილი; სოსო მჭედლიშვილი და ნინო სიმონიშვილი.

კომიტეტის ხელმძღვანელი: შალვა საბაური.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

ღრმა წუხილს გამოთქვამს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების სავალალო მდგომარეობის გამო;

მხედველობაში იღებს ისტორიული ძეგლების მნიშვნელობას, მათი ფიზიკურად განადგურების საფრთხესა და პირველადი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას დროის სიმცირის პირობებში;

ითვალისწინებს გურჯაანის რაიონის მოსახლეობაში  ახალგაზრდა პარლამენტარების მიერ ჩატარებული სპეციალური გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 77%-მა მხარი დაუჭირა მხარეებს შორის შეთანხმების არსებული სახით ხელმოწერას;

მხედველობაში იღებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციასაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1. მხარს უჭერს თურქეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების ხელმოწერას არსებული სახით უახლოეს მომავალში;

2. საჭიროდ მიიჩნევს, გამოყოფილ იქნას დაფინანსება მთავრობის მიერ მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობისათვის ქალაქ ბათუმში.

3. აღნიშნავს, რომ საჭიროა მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირება  არსებული რეალობის შესახებ.

  1. 6.           ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

 

დადგენილება #1

ქართველი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ სარგებლობს სადაზღვევო მომსახურებით. აღნიშნულის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ოჯახებში  ფინანსურად არასტაბილური მდგომარეობის არსებობაა.

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების მიერ ქალაქ გურჯაანში:

კომიტეტის წევრები: უჩა სიბაშვილი; ნიკა საბიაშვილი; ლევან ქოროღლიშვილი; მარიამ ბერუაშვილი; მარიამ დათუნაშვილი; პაპუნა თოდუა; სოფიკო ცერცვაძე; გორა ბერიკაშვილი; შორენა ქავთარაძე; მარიამ ზაკალაშვილი; ლანა მუსალბიშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარე: შორენა მეგრელიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს 4 მილიონზე მეტი მოქალაქიდან უმეტესობა სამედიცინო დაზღვევის პოლისით არ სარგებლობს.  საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის, პუნქტი 1-ის თანახმად, ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, თუმცა სამწუხაროდ ამას ყველა ვერ ახერხებს ფინანსურად არასტაბილური მდგომარეობის გამო.

განიხილავს საქართველოში დაზღვევის სფეროში შექმნილ ვითარებას, რომ სისტემა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტი და ადამიანის კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი ფუნქციონირება

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე ადამიანთა მცირე რაოდენობა გამოწვეულია მათი  არასტაბილური ფინანსური მდგომარეობით, მოსახლეობაში დაზღვევაზე არსებული ინფორმაციის ნაკლებობით და სადაზღვევო პროდუქტების არაადეკვატური გეოგრაფიული განაწილებით

აცნობიერებს, რომ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობაა, რაც იწვევს სადაზღვევო კომპანიების მოტივაციის შემცირებას, მოსახლეობას შესთავაზონ ეფექტური და ყველასათვის მისაღები ფასის მქონე სადაზღვევო პროდუქტი.

გამოხატავს უკმაყოფილებას მომწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი პრობლემების არსებულ შემთხვევებზე, ასევე დაზღვეულთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაც საერთო ჯამში ამცირებს მოსახლეობაში სადაზღვევო კომპანიებისადმი არსებულ ნდობას, საბოლოოდ კი გავლენას ახდენს დაზღვეულ ადამიანთა რაოდენობის ზრდაზე.

მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ საქართველო დაბალი/საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაა, ამასთან ნებისმიერი მოქალაქის საქმიანობა და მდგომარეობა  დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, ამის გამო კი ჯანმრთელობის დაზღვევის ქონა განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს.

ითვალისწინებს აქამდე არსებულ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და მიღებულ დადგენილებებს ჯანმრთელობის დაზღვევის თაობაზე

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

  1. მოუწოდებს სადაზღვევო  კომპანიებს, გააფართოვონ საქართველოს რეგიონებში არსებული ფილიალთა ქსელი და გახსნან სადაზღვევო მომსახურების ოფისები, რაც შეიძლება მეტ დასახლებულ პუნქტში, რათა აღმოიფხვრას ჯანმრთელობის დაზღვევის  ხელმისაწვდომობის პრობლემა.
  2. მიიჩნევს, რომ მედია საშუალებების გზით უნდა განხორციელდეს სადაზღვევო მომსახურების პროპაგანდა, რათა უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდეს მის აუცილებლობაში და დააზღვიოს ჯანრმთელობა.
  3. მოუწოდებს სადაზღვევო კომპანიებს შეიმუშავონ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე გათვლილი სადაზღვევო მომსახურების პაკეტები. სამიზნე ჯგუფებში შეიძლება შედიოდნენ სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჩვილი ბავშვები, სასკოლო ასაკის ბავშვები და ა.შ ისე, რომ საერთო ჯამში ამ სადაზღვევო მომსახურების პაკეტებმა საქართველოს ყველა მოქალაქე  მოიცვას.
  4. ამტკიცებს, რომ გაიზარდოს „ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის“ დაფინანსება, რათა მან კომპეტენტური პერსონალით უფრო მეტ მომჩივანს და დაზარალებულ ადამიანს განუმარტოს საჩივრებთან დაკავშირებული საკითხები.
  5. გაიზარდოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ზ1 ქვეპუნტით გათვალისწინებული ვაუჩერის ფულადი ღირებულება, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებს გადაეცემა.
  6. მხარს უჭერს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის განვითარებას, რათა კომპანიებმა ოპტიმალური და მოთხოვნაზე მაქსიმალურად მისადაგებელი სადაზღვევო პაკეტები შესთავაზონ მომხმარებლებს.
  7. ამტკიცებს, რომ არსებული სახელმწიფო სოციალურ პროგრამები და ადრე მიღებულ დადგენილებები ჯანმრთელობის დაზღვევის თაობაზე იქნას გადახედილი და გაუმჯობესებული, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა უფრო მეტი მოქალაქისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 

  1. 7.           რეგიონული განვითარების კომიტეტი

დადგენილება #1

აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წვრების მიერ ქალაქ გურჯაანში:

კომიტეტის წევრები: მირანდა უტიაშვილი; ნატო ჯაჭვაძე;  ნადირაძე; ქეთევან გიგუაშვილი; ნინო შავლიაშილი; მარიამ ამონიშვილი; ნინო მამათელაშვილი; ნინო რუაძე; ნინო კეკვიაშვილი; ცინარი გაბიტაშვილი;  ნინო მაზანიშვილი; აკაკი ჭანყოშვილი;  ნინო სიბაშვილი;  ლანა ლაზაშვილი; სალომე ნონეშვილი;

კომიტეტის თავმჯდომარე: გიორგი ვახტანგიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

აანალიზებს რეგიონებში უნივერსიტეტების პრესტიჟულობისა და ხარისხის დაბალ დონეს, რაც იწვევს რეგიონებიდან მოსახლეობის განსაკუთრებულად კი ახალგაზრდების გადინების პროცესს. მათ მოტივაციას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მიღება და მაღალანაზღაურებადი სტაბილური დასაქმება, რისი პერსპექტივაც, მათი აზრით, რეგიონებში დარჩენის შემთხვევაში კლებულობს, ამავდროულად რეგიონებში სიტუაცია სავალალოა, რადგან მოსახლეობა, რომელიც განათლებას ცენტრში ღებულობს, ცდილობს ცენტრშივე დასაქმდეს და უკან აღარ ბრუნდება, ეს კი სახელმწიფოში კვალიფიციური პერსონალის არათანაბრად გადანაწილების პრობლემას ქმნის. შედეგად ყოველივე ამისა, ადგილზე არ რჩებიან მეტად საჭირო კადრები, შესაბამისად ეს პროცესი აფერხებს რა მათ განვითარებას, იწვევს რეგიონების პრესტიჟის დონის დაცემას და თავისთავად აჩქარებს ურბანიზაციას.

აცობიერებს, სოფლის მეურნეობის კუთხით აგროკულტურულ სფეროში კერძო მეწარმეების კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ხარჯთაღიცხვასა და დროის მენეჯმენტის ტექნოლოგიების არცოდნას.

გამოხატავს წუხილს რეგიონებში გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაებელი ცენტრების ნაკლებობის გამო, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში არაჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას. ეს კი ერთ-ერთი მიზეზია რეგიონებიდან ახალგაზრდების სისტემატიური მიგრაციის და მათი დაცარიელების.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი:

1.         რეკომენდაციას უწევს რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების შენობათა რეაბილიტაციის, ინვენტარიზაციის, ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ საჭირო დაფინანსების გამოყოფას.

2.         საჭიროდ მიიჩნევს საბიუჯეტო თანხების გამოყოფას პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებისათვის, მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

3.         აღნიშნავს საბიუჯეტო თანხების გამოყოფის საჭიროებას რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების დასავლურ, წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, სამომავლო განვითარების და მათი პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი პროექტებისათვის

4.         ადასტურებს შესაბამისი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის აუცილებლობას სოფლის მეურნეობის კუთხით აგროკულტურულ სფეროში, კერძო მეწარმეების კვალიფიკაციის დაბალი დონის ხარჯთაღრიცხვისა და დროის მენეჯმენტის ტექნოლოგიების არცოდნის პრობლემატიკის გადაჭრის მიზნით

5. მხარს უჭერს, მოხდეს ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსების გამოყოფა, ძველი სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრების რეაბილიტაციისა და მსგავსი ახალი დაწესებულებების ამოქმედებისა და  მათი პოპულარიზაციის მიზნით

 

About საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ეროვნული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა/ო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი (IX, X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. თითოეულ სდომაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 120–150 ახალგაზრდას. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
This entry was posted in რეზოლუციები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s